"რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენა და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს" - ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ რუსული სამხედრო ძალები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას.
თუმცა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის შეფასებით, რუსული სამხედრო ძალების წინსვლას ხელს უშლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული წინააღმდეგობა. ამავდროულად, კიევის მისადგომებთან რუსული სამხედრო ძალის კოლონა, რომელიც დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული, კვლავ გაჩერებულია.