"ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი გუნდის შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, როგორიც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან" - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგი ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩიას თქმით, ამავე პრინციპით თანადებობა უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმაც. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები რაც დრო გავა, მით მეტად დაამძიმებს "ქართულ ოცნებას".
"ჩემი აზრით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელი განცხადებები იმდენად არაადეკვატური იყო, რომ ის უნდა გადადგეს, არა იმის გამო, რომ მისი გადადგომით რაიმე შეიცვლება, არამედ იმის გამო, რომ უნდა არსებობდეს ასეთი წესი, როცა ასეთ სისულელეს იტყვი და ჩაიდენ, მინიმუმ იმდენ პასუხისმგებლობას უნდა გაკისრებდნენ საკუთარი თანაგუნდელები, რომ მიდიოდე. ამ განცხადებას სულ შეგვახსენებენ, თუ როგორ იქცეოდნენ მინისტრები აქ, როცა სახავდნენ გზას რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესატანად ომის პარალელურად და ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არის სტაბილური ბაზარი. ეს დამოკიდებულება, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტად დაამძიმებს "ქართულ ოცნებას". ამიტომ მათ ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი ოცნების შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, ადამიანები არა იმიტომ რომ რაიმე შეცვლება, მაგრამ პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრის წასვლაც მოთხოვნილი გვაქვს - მას შემდეგ როცა უკრაინა გაიმარჯვებს და დელეგაციებთან საუბრები აღდგება, წარმოგიდგენიათ, რომ ღარიბაშვილი გავუშვათ ზელენსკისთან ან ვინმესთან სალაპარაკოდ?!"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი ქართული კომპანიებისთვის არის შესაძლებლობა, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.