კრემლის პროპაგანდისტს, პრეზიდენტ პუტინის აქტიურ მხარდამჭერს ვლადიმერ სოლოვიოვს, რომელიც ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ამჯერად YouTube-ის არხები: "Soloviev LIVE" და "საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად“ დაუბლოკეს. გვერდზე შესვლის მცდელობისას, მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას: "ეს ანგარიში შეჩერებულია YouTube-ს გამოყენების პირობების დარღვევის გამო“.
მოგეხსენებათ, ევროკავშირის სასანქციო სიაში რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით, სოლოვიოვიც მოხვდა. შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა დაუყადაღეს.
როგორც ცნობილი გახდა, ოპერაცია, სუპერმდიდარი რუსებისთვის გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, იტალიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვით, სპეციალური სავალუტო პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ სასანქციო გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მთელი იტალიის ტერიტორიაზე.
ვლადიმირ სოლოვიოვი ცნობილია უკრაინის მიმართ განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულებითა და რუსეთის ხელისუფლების სიყვარულით.
"ჩემს მაგალითზე გავიგე უკვე, რა არის "საკუთრების წმინდა უფლება“. მე მომქონდა დოკუმენტები, რომლითაც ვამტკიცებდი, რომ ყველაფერი ოფიციალურად მქონდა, რომ მაქვს "თეთრი ხელფასი“, შემოსავალი... ვაჩვენე, რომ ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე… ყველაფერი ვქენი, მოკლედ და უცბად, ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჟურნალისტი სანქცირებულთა სიაში ხვდება. ყველაფერი სამართლიანად ვქენი. თქვენ ხომ გვიყვებოდით, რომ ევროპაში წმინდაა საკუთრების უფლება?!“ - თქვა სოლოვიოვმა თავისავე გადაცემაში მას მერე, რაც გაიგო, რომ სანქცირებულთა შორის იყო". მისი აღშფოთება უფრო შორსაც წავიდა და ყველაფერი ანტისემიტიზმს დააბრალა, გაიხსენა რა, რომ ებრაელია.
"ჩვენ ებრაელებმა ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, თქვენ ცივილურ ევროპაში ცოტა აზრზე მოდით რა გინდათ ჩვენგან? ჩვენ მაინც ჩავატარებთ უკრაინაში "დენაციფიკაციას“, თქვენ კი ჩამოყალიბდით, რა გინდათ?!“ - განაცხადა მან.
მოგეხსენებათ, “დენაციფიკაცია” და “ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა” უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარი პროპაგანდისტული ხაზია, რომლისაც მსოფლიოში არავის სჯერა.