ავტორი:

"მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან გარკვეული კონსპირაციაა" - გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

"მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან გარკვეული კონსპირაციაა" - გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

ან ინფორმაცია არ აქვთ, ან ჩვენ მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში ან არის გარკვეული კონსპირაცია, რაც ამ არასწორი ინფორმაციის კონცენტრაციას განაპირობებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას თავმჯდომარის მიმართვას, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს დაეგზავნათ.

კითხვაზე, როცა საუბრობს ინფორმაციის დეფიციტზე, ხომ არ გეგმავენ საპასუხო წერილით მიმართონ რადას თავმჯდომარეს ამ დეფიციტის შევსების მიზნით, ვოლსკი აცხადებს, რონ წერილებით პოლემიკა, როცა უკრაინა ასეთ მდგომარეობაში, სწორად არ მიაჩნია.

„როცა ჩემი კოლეგა, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, თან ამ დონის წარმომადგენელი ამ ვითარებაში იმყოფება, ხისტი პასუხის გაცემა არც სწორია და არც პოლიტიკურადაა გამართლებული. ემოციაზე აღარ ვლაპარაკობ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საზოგადოება, ხალხი, ადამიანები იხოცებიან. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას, ან ინფორმაცია არ აქვთ, ჩვენ მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში ან არის გარკვეული კონსპირაცია, რაც განაპირობებს ამ არასწორი ინფორმაციის კონცენტრაციას.

რა რძის პროდუქტებზეა ლაპარაკი? ამ თემაზე ლაპარაკი 2020 წლიდან მიდიოდა, რომ ჩვენი პროდუქტები სანქცირებული არ ყოფილიყო და რუსეთმა განაცხადა, რომ არ არის სანქცირებული. თავად კომპანიები წყვეტენ, ვის რა მიაწოდონ. საქართველოს არ აქვს რძის რესურსი შიდა ბაზრის 10-15 პროცენტის დაკმაყოფილებისთვისაც კი.

რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ჩვენ ამ სანქციებს ვერ ვუერთდებით. არათანაზომადია და დამანგრეველი რესურსი, რაც რუსეთს გააჩნია საქართველოს მიმართ, არათანაზომადია იმ რესურსებთან, რაც საქართველოს გააჩნია.

როცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მივმართეთ სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, ეს გარკვეულ რეაგირებას განაპირობებდა რუსეთის მხრიდან, მოსალოდნელიც იყო და აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოს ტეორიტორიაზე ბიოლაბორატორიების თაობაზე.

საქართველო მუდმივად იმყოფება საშიშროების ქვეშ, სამიზნეს ქვეშ და რასაკვირველია ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომელიც შექმნილია ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

დიდი განსხვავებაა რესურუსებს შორის, რაც რუსეთს გააჩნია, დაგაზიანოს და საქართველოს, რომ მოიგერიოს დანაშაულებრივი შეცდომების გამო რუსეთის უპირატესობა საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ამ უსაფრთხოების გარანტიას ვერ შექმნის ვერც დეკანოიძე, ვერც მაჭუტაძე და ვერც ის ადამიანები, ვინც დღეს ხმამაღალ და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უკრაინაში.

როცა უკრაინა ასეთ მდგომარეობაში იმყოფება და აგრესორის გამო, სადისტური შეტევის გამო სისხლში ცურავს, აქ წერილებით პოლემიკის ატეხვა, მით უმეტეს, როცა მეხუთე კოლონა გყავს ქვეყანაში, რომელსაც ეს შეუძლია გამოიყენოს ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ მიმაჩნია სწორად. არ ვიცი, რას გადავწყვეტთ მთლიანობაში, მაგრამ მე სწორად არ მიმაჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს.

„გამარჯობა გენაცვალე! ყოველთვის ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში.

როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როდესაც რუსეთის ომი თქვენ მოძმე უკრაინაში სრულმასშტაბიანად არის გაჩაღებული, თქვენ გადაწყვიტეთ ვაჭრობის გაფართოება ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ორივეს, თქვენც და ჩვენც?

რუსეთის გადაწყვეტილება შეუმსუბუქოს სასანქციო ზეწოლა საქართველოს, შეიძლება იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებაზე სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას? რძის პროდუქტების 15 ქართველ მწარმოებელზე სანქციების მოხსნა შეიძლება ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ჩვენს ერთობლივ ხანგრძლივ ბრძოლად, ჩვენს ერთობლივ მისწრაფებებად?“, - აცხადებს უკრაინის რადას თავმჯდომარე და ქართველ კოლეგებს მიმართავს, ჩუმად არ იყვნენ.