ავტორი:

ვინ არიან ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნები, რომელთა დაპატიმრებაც, აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა?

ვინ არიან ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნები, რომელთა დაპატიმრებაც,  აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა?
  • ფოტოკოლაჟზე: მიხაილ მინძაევი და დავით სანაკოევი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო;

გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო "შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო;

დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც "ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

"ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდო, რომ აღნიშნულ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა“, - ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

კარიმ ხანი

მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც.

“მიიჩნევენ, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში”, - აცხადებს კარიმ ხანი.

"მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს იმ ტერიტორიაზე გადავიდა, რომელზედაც დავა არ მიმდინარეობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთიდან გაძევებისთანავე, რუსულმა ჯარებმა და, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ დაეტოვებინათ სახლები. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო დატუსაღებული ანტისანიტარიულ და სახიფათო პირობებში, შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ", - ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ბრძანების გამოცემა საქართველოს მორიგი გამარჯვებაა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

ამასთანავე, განმარტავენ, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

"ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ. მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.

რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით“, - აღნიშნავენ უწყებაში.