ავტორი:

"ზოგჯერ ყინვაში გარეთ ერთი მაისურით ვიყავი... დამხმარე ქართუკითა და გამათბობლით დამდევდა" - ქართველი მოდელის ჩინური ცხოვრება და წარმატებული სამსახიობო კარიერა

"ზოგჯერ ყინვაში გარეთ ერთი მაისურით ვიყავი... დამხმარე ქართუკითა და გამათბობლით დამდევდა" - ქართველი მოდელის ჩინური ცხოვრება და წარმატებული სამსახიობო კარიერა

ნანუცა ტორონჯაძეს ამბების მკითხველი კარგად იცნობს. გოგონა წლების წინ ჩინეთში მოდელად წავიდა და იქაურ მამაკაცთან შექმნა ოჯახი. დაოჯახებას მისთვის კარიერაში ხელი არ შეუძლია. ჰყავს ორი შვილი, ხშირად იღებენ რეკლამებში და ბოლო ერთი წელია რაც კინო ინდუსტრიაშიც სცადა ბედი:

- ნანუცა, როგორია შენი ყოველდღიურობა პანდემიის შემდეგ?

- ძალიან კარგად ვარ. ჩინეთში ძალიან იშვიათია უკვე კოვიდის შემთხვევები და ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდით. პირბადეს ბევრი ატარებს, ხალხმრავალ ადგილებში ხალხი მაინც საჭიროა...

- ახლახანს ფილმში გადაგიღეს, როგორ მოხვდი როლზე...

- რაც ჩინეთში ჩამოვედი სულ ამ ინდუსტრიაში ვარ, მაგრამ ადრე უფრო სამოდელო გადაღებებსა და რეკლამებში ვმონაწილეობდი. გადაცემების სტუმარი ვიყავი ხოლმე. შემდეგ კი ერთ-ერთმა სააგენტომ შემნიშნა და შემომთავაზა თანამშრომლობა. გამიკეთეს საჭირო მასალა, შეაგროვეს ინფორმაცია ჩემს შესახებ. პირველი ფილმი, რომელშიც სნაიპერის როლი მოვირგე ამ წლის ბოლოს გამოვა. შემდეგი ფილმი იყო სადაც მთავარი ქალი მსახიობის როლი შემომთავაზეს. ამ ფილმში დიდი დრო დასჭირდათ მსახიობის ასარჩევად. ქასთინგი, შემდეგ სცენარის მორგება, დაახლოებით 2 თვეზე მეტი ველოდებოდი პასუხს და აღარც მეგონა რომ ამირჩევდნენ, მაგრამ ფორტუნამ ჩემს მხარეს აღმოჩნდა.

რეჟისორი არის თავის საქმის უპროფესიონალესი ადამიანი! ჩინეთში ძალიან ბევრი პოპულარული ფილმის ავტორი. ძალიან შემიყვარდა მასთან თანაშრომლობა, ამ ადამიანმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ზუსტად მასთან თანამშრომლობის შემდეგ მივხვდი რომ კინო არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ. მან მითხრა რომ ძალიან გაკვირვებულია და უხარია რომ ჩემთან უწევს თანამშრომლობა, რადგან მისი სიტყვებით უძლიერესი მსახიობი ვარ და შემიძლია წამში ყველანაირი ტიპის სიტუაციაზე სწორად მოვახდინო რეაგირება.

- ფილმის შინაარსი, როგორც "ფეისბუქზე" წერდი, ძალიან საინტერესოა... ვინ არის რეჟისორი, გუნდი?

- მას ჰქვია wang de qing. ის და მისი გუნდი მთლიანად არის პროფესიონალების და უბრალოდ მზრუნველი ადამიანების გუნდი. ამ ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ჩინურ სოფელში, ჰენანის პროვინცია, სოფელი შინშიანში. ის ადგილი სადაც ჩვენ ფილმს ვიღებდით ცნობილია ულამაზესი ხედებითა და მთებით. გადაღებები ზამთარში მიმდინარეობდა და ცოტა ციოდა, მაგრამ ყველა ისეთი შემართებით აკეთებდა თავის საქმეს რომ სიცივე არავის გახსენებია. ზოგჯერ ყინვაში ღამის გადაღებაზე გარეთ ვიყავი ერთი მაისურით.

ფილმის რეჟისორი wang de qing

როგორც მსახიობს ჩემი დამხმარე მყავდა, რომელიც ერთი კადრის გადაღების შემდეგ ქართუკითა და გამათბობლით მორბოდა ჩემსკენ...

ჩემი სააგენტო, რომელშიც ახლა ვარ, lin yu ჰქვია. დამფუძნებელია ბატონი cai yong, რომელიც ასევე ჩემი მთავარი აგენტი, პიარ მენეჯერია და ასევე ძალიან ცნობილი ამ ინდუსტრიაში ჩინეთში. ფილმი არის უცხოელ გოგონაზე, რომელსაც ჰყავს ჩინელი შეყვარებული და მისმა შეყვარებულმა კოვიდის დაწყებამდე გადაწყვიტა ამ გოგონას სოფელში წაყვანა თავის მშობლებთან შესახვედრად.

ჩემს პერსონაჟს სახელად ჯენი ჰქვია. მისი მომავალი მეუღლე ექიმია პროფესიით და კოვიდის დაწყებისთანავე მას უწევს ჩემი დატოვება სოფელში, რადგან ვუჰანშია წასასვლელი კოვიდის ცენტრში ხალხის გადასარჩენად. ზუსტად ამ დროს იწყება სიუჟეტის განვითარება. მე ვეჩვევი სოფელში ცხოვრებას, ჩინურ ტრადიციებს, ვეხმარები ხალხს გასაჭირის დროს. მოკლედ საკმაოდ საინტერესოა და სხვათაშორის რეალური სიუჟეტიც არის. ზუსტად ასახავს იმ სიტუაციას, რაც პანდემიის დროს ყველას ჰქონდა. რაც ხდებოდა ოჯახებში, სოფლებსა თუ საავადმყოფოებში ყველაფერია აღწერილი.

- როდის გამოვა ფილმი?

- წელს გამოდის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. აქ ყველამ იცის რომ ქართველი ვარ. გადაღებების დასრულებისთანავე გუნდს საჩუქრად ქართული ღვინო გადავეცი, რამაც ძალიან გაახარა ყველა. ჩინეთში ბევრმა იცის, რომ საქართველო განთქმულია ღვინის კულტურით და საქართველოს ზუსტად ღვინის საბადო.

- ნანუცა, მეუღლე და შვილები როგორ არიან?

- ბავშვები ძალიან კარგად არიან, უფროსი გიო - სკოლაში დადის პირველ კლასშია და ფეხბურთზე საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს. ცოტა ხნის წი,ნ ჩვენი ქალაქის ჩემპიონატზე ოქროს თასი აიღეს. აქაური განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება ქართულიდან, პირველ კლასელი ბავშვები 8 საათზე უკვე სკოლაში არიან და 15:30 ზე უმთავრდებათ გაკვეთილები.

შემდეგ ფეხბურთი ჩვენს შემთხვევაში რომელიც 6:30 მდე გრძელდება და ბოლოს კიდევ ერთ სკოლაში მიდის, სადაც ბავშვები ყველა საგანს უფრო გაძლიერებულად სწავლობენ. სწავლა დილის რვიდან, საღამოს 9 საათამდე გრძელდება. ასეა ყოველ დღე. გიტარაზეც დადის, რომლის გაკვეთილები შაბათ-კვირას აქვს ხოლმე. მოკლედ ძირითადად ბავშვები სულ სკოლაში ან რაიმე გაკვეთილებზე არიან. ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება დედაჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები, როდესაც მე გადაღებებზე ვარ ისინი უვლიან ბავშვებს. პატარა დანიელი ჯერ 4 წლისაა ბაღში დადის...