ავტორი:

ორგანიზაცია "კრავაი“ ქალი მეწარმეებისთვის ოფიციალურად გაიხსნა

ორგანიზაცია "კრავაი“  ქალი მეწარმეებისთვის ოფიციალურად გაიხსნა

საქმიან ქალთა მხარდამჭერი ორგანიზაცია „კრავაის“ კარი ქალი მეწარმეებისთვის უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის პრეზენტაციას სასტუმრო „თეორია დაინინგმა“ უმასპინძლა. ღონისძიებაზე ცნობილმა ტელეწამყვანმა და ბიზნეს გადაცემების ავტორმა, სანდრო ვეფხვაძემ დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის დამფუძნებლები და მათი მიზნები გააცნო.

„კრავაი“ PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტების: ანა ჩანგიანისა და ნინა პერტენავას ერთობლივი პროექტია. მათ მიაჩნიათ, რომ მეწარმე ქალები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ბევრი მიმართულებით საჭიროებენ მხარდაჭერას. ამ პროცესში კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავება, ასევე საზოგადოებაში მათი ადაპტაცია და ცნობადობის კოეფიციენტის ამაღლებაა.

სპეციალისტებმა, კოლეგებთან ერთად, შეიმუშავეს კონკრეტული სამოქმედო კონცეფცია, რომლის მეშვეობითაც, ისინი მეწარმე ქალებს საჭირო მომსახურებებსა და სხვა პროფესიულ ინსტრუმენტებს სთავაზობენ. შეთავაზებათა გრძელ ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება; საქმიან ქალთა გააქტიურება და ჩართულობა საზოგადოებრივ პროექტებში, პერსონალური ბრენდინგისა და ბიზნესსაქმიანობის პოპულარიზაცია და სხვა. პიროვნული განვითარების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულმა ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა და ქოუჩმა, ილია ნიკაჭაძემ ისაუბრა. როგორც ნიკაჭაძემ აღნიშნა, ქალების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება - რასაც ორგანიზაცია „კრავაი“ ისახავს მიზნად - მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქალებს გააჩნიათ, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული კარიერული მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა მოახერხონ ჩართვა სოციალურ აქტივობებში და შეძლონ თავიანთი თავის კარიერული რეალიზაცია. ჩემთვის, მამაკაცისთვის, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ აქტიური, საქმიანი ქალები ძალიან გვჭირდება როგორც, ზოგადად, სოციუმს, ისე - მამაკაცებს“, - აღნიშნა ილია ნიკაჭაძემ.

პროექტის მიზნობრივ გათვლასა და რეალური პრობლემების სწორი კუთხით წარმოჩენაზე გაამახვილა ყურადღება ტელეწამყვანმა, სანდრო ვეფხვაძემ, რომელმაც ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „კრავაი“ მეწარმე ქალებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება.

„მიზნობრივად არის იდენტიფიცირებული ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც მეწარმე ქალები დგანან. ამისათვის, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ტიპის ნეთვორქები მხოლოდ და მხოლოდ გადაჭრის იმ პრობლემას, რომელსაც საგანმანათლებლო და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ასპექტი ჰქვია. მსგავსი ტიპის ინფორმაციული შეხვედრები ნამდვილად გაზრდის როგორც სამეწარმეო კვოტებს, ასევე ინფორმირების კომპონენტსაც“,- განაცხადა სანდრო ვეფხვაძემ.

როგორც ღონისძიების კიდევ ერთმა სტუმარმა, საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, ის ახლად შექმნილ ორგანიზაციასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს. მისივე აზრით, „კრავაის“ დაარსებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

„ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ყოველდღიურ რეჟიმში ყველა საქმიანი ქალი იმდენ თემაზეა გადართული, რომ, ალბათ, დროც არ რჩებათ, დაფიქრდნენ კონკრეტულად იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ამიტომაც, მინდა „კრავაის“ ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. მე ვაპირებ, აქტიურად ვითანამშრომლო მათთან და ასევე, გავუწიო რეკომენდაცია ჩემს მეგობრებთან“, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ. აღსანიშნავია, რომ საქმიან ქალთა ორგანიზაციაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო.