უკრაინის თავდაცვის ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით აკავებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ომის მეჩვიდმეტე დღისთვის არსებული ვითარებაა შეჯამებული.
გენშტაბში განმარტავენ, რომ მტერს პოლესკის, სევერსკისა და იუჟნობუჟსკის რაიონებში როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს, შესაბამისად, ის ამ მიმართულებებზე შეჩერებულია და თავდაცვაზეა გადასული.
"დონეცკის მიმართულებაზე წინ წაწევის მცდელობისას რუსმა ოკუპანტებმა ღირსეული წინააღმდეგობა მიიღეს უკრაინელი მებრძოლებისგან და მათი შეჩერება მოხდა გარკვეულ მიმართულებებზე. სხვა მიმართულებებზე კი ოკუპანტმა არსებითად შეამცირა წინსვლის ტემპი,“-ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედმა მტრის 31-მა საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა.
"საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უმეტესობა, რომლებსაც ჰქონდათ უშუალო საბრძოლო კონტაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, დემორალიზებულია, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა მცირდება, ფიქსირდება ტყვედ ჩაბარების შემთხვევები ცალკეული ჯგუფების მიერ. უკანასკნელ დღეებში შეინიშნება მოწინააღმდეგის დეზერტირების მცირე ჯგუფების გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. მტერს აქვს სერიოზული პრობლემა რეზერვის შევსების მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს თავდაცვის სხვა შესაბამის სექტორებთან ერთად შეთანხმებული ურთიერთქმედებით აკავებს ოკუპაციური ჯარების მასიურ თავდასხმას, უწევს წინააღმდეგობას. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.