ავტორი:

"კახა კალაძემ 170 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას" - ლევან ხაბეიშვილი

"კახა კალაძემ 170 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას" - ლევან ხაბეიშვილი

კახა კალაძისგან, რომელმაც უკრაინაში გაიკეთა კარიერა, სამარცხვინოა და კიდევ უფრო მძიმეა ის დამოკიდებულება, რომ აფინანსებს რუსულ, სახელმწიფო, სამხედრო კომპანიას, რომელიც მისი თანაგუნდელების ოჯახის წევრებს პირდაპირი მნიშვნელობით აწიოკებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ რუსულ, სამხედრო, სახელმწიფო კომპანიას თბილისის მეტროს მოდერნიზებისთვის170 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხაბეიშვილი ხელშეკრულების შეწყვეტას და დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვს.

„ვიცით, რომ 1 მილიონი ლარით დაეხმარა საქართველოს მთავრობა უკრაინას და ამის შესახებ ფაქტობრივად ყოველდღიურად საუბრობენ. ამასობაში, მეორე ხელით, კახა კალაძემ 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ სამხედრო სახელმწიფო კომპანიას. მუხლუხებიან ტანკებს და სამხედრო ტექნიკას აწარმოებს კომპანია, რომელსაც კალაძემ 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. ეს თანხა არის ვალით აღებული და ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ დააფინანსონ უკრაინაში ბავშვებისთვის, სამშობიაროებისთვის დამიზნებული რაკეტა. დედაქალაქის მერი არის გატრუნული, ხმას არ იღებს. კალაძისგან, რომელმაც უკრაინაში გაიკეთა კარიერა, სამარცხვინოა და კიდევ უფრო მძიმეა ის დამოკიდებულება, რომ აფინანსებს რუსულ სახელმწიფო, სამხედრო კომპანიას, რომელიც მისი თანაგუნდელების ოჯახის წევრებს პირდაპირი მნიშვნელობით აწიოკებს. ამ ხელშეკრულების შესახებ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ვაფრთხილებდით, რომ წარმოუდგენელია თბილისის მეტროსთვის დაუკვეთო 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება რუსულ კომპანიას.

თუმცა, ყველამ იცის, რომ კალაძე შემჩნეულია რუსულ კომპანიებთან გარიგებით, დაწყებული „გაზპრომთან“ საიდუმლო მოლაპარაკებებით, გაგრძელებული „ინტერრაოსთვის“ გადახდილი 240 მილიონი ლარით. ბევრჯერ მისაუბრია კალაძის კორუფციაზე, ბევრჯერ მიმხელია ქურდობაში და წუწკობაში. ცხადია, ამ 170 მილიონი ლარიდან დიდი ოდენობა კალაძის ჯიბეში წავა და ამიტომაც გააფორმა რუსულ, სამხედრო, სახელმწიფო კომპანიასთან. მაგრამ არის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს პოლიტიკურ კეკლუცობას რუსეთის ფედერაციასთან და მის მთავრობასთან. კალაძეს დაწყებული აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან „დალაგების პოლიტიკა“ და ამ 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება ამიტომაც დაუდო რუსულ კომპანიას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მხარე ამ ხელშეკრულების გაფორმებისას EBRD არ არის და ის უბრალოდ, ფულის მსესხებელია.

„ჩვენ ვითხოვთ არა ბოდვებს და ზეპირ განცხადებებს, არამედ, შეწყვეტილ ხელშეკრულებას, დოკუმენტაციას. სიტყვაზე კახა კალაძეს და მის მთავრობას არავინ ენდობა. მოვითხოვთ, გაასაჯაროონ ამ 170 მილიონიანი ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტაცია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.