ავტორი:

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა - Financial Times

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა - Financial Times

ბრიტანული "Financial Times“-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამან გააჩინა შიში თეთრ სახლში, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთის დახმარება გადაწყვიტოს და შეარყიოს უკრაინის დასახმარებლად მიმართული დასავლეთის ძალისხმევა.

"აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ იყო ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ეწურებოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირას უახლოვდება“, - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის პუბლიკაციაში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი იტალიის დედაქალაქ რომში ჩინელ მაღალჩინოსანთან, საგარეო პოლიტიკის უფროს მრჩეველ იან ცზეჩისთან მოლაპარაკებებისთვის გააგზავნა, რომელიც 14 მარტს გაიმართება.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში იზრდება შეშფოთება ჩინეთის მოსკოვის მხარდაჭერის შესახებ.

ვაშინგტონში შიშობენ, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთს ეკონომიკური სანქციებისგან სასჯელის თავიდან აცილებაში დაეხმაროს.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთმა და ვერც სხვამ ვერ აუნაზღაუროს რუსეთს ეს [ეკონომიკური] დანაკარგები“, - განაცხადა სალივანმა.

ჩინეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის კრიტიკას ერიდებიან და სამაგიეროდ, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს აკრიტიკებს.

Financial Times-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ რუსეთი სამხედრო აღჭურვილობასა და სხვა სახის მხარდაჭერას ჩინეთში ეძებს, ჩინეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ პრიორიტეტი ახლა ისაა, რომ უზრუნველყოფილ იქნას დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და კონტროლიდან გასვლა არ მოხდეს.