პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა ოპოზიციაც და განაცხადა, რომ ბევრს სცოდავენ ოპოზიციონერებიც.
"ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს!", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, შეცდომაა პოლიციისადმი უპატივცემულობა.
"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა დროა ახლა კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!"
მისივე თქმით, ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს მთავრობის შერყევას ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაკრიტიკების შემდეგ, ზურაბიშვილმა დასძინა, რომ შეუძლია რიგ საკითხებში დაეთანხმოს კიდეც ხელისუფლებას და ოპოზიციას -" ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია", - განცხადა მან.