ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან, დანაშაული არ ჩამიდენია" - მიხეილ სააკაშვილი

"სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან, დანაშაული არ ჩამიდენია" - მიხეილ სააკაშვილი

"სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან, დანაშაული არ ჩამიდენია - შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის Facebook-ზე ვრცელდება.

სააკაშვილი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ექსპრეზიდენტის თქმით, დღეს ცხადი გახდა, რომ ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა, მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები.

"მინდა გამოვეხმაურო დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის საპარლამენტო გამოსვლაში ჩემს საკითხზე გამოხატულ პოზიციას.

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან, დანაშაული არ ჩამიდენია.

თუმცა, მნიშვნელოვანი გარემოება სხვაა. ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია. ამგვარი ფორმით ის გამოეხმაურა უკრაინული მხარის მოთხოვნას, რომელიც ოფიციალური არხებით მიიღო უკრაინის მეომარი ხელისუფლებისგან. ასე გამოხატა მან პრაქტიკაში უკრაინის სოლიდარობა და თანამშრომლობის მზადყოფნა. ამ ფონზე სასაცილო და ცინიკურიცაა, ზელენსკის საკუთარ კოლეგას და, მით უმეტეს, მეგობარს ეძახდეს.

ზურაბიშვილს ერთხელ უკვე აქვს გაცხადებული, რომ მე გასასამართლებელი ვიყავი "მძინარე ცხინვალის" დაბომბვისთვის. ახლა კი, როცა ჰააგის ტრიბუნალმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავდით და ომის კანონები არ დაგვირღვევია არც მთავარსარდალს, არც გენერალს და არც რიგითს, ზურაბიშვილი საჭიროდაც არ თვლის, რომ თავის ისტორიულ სირცხვილზე არათუ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არამედ ჯიუტად იგივეს იმეორებს. საკუთარ გამოსვლაში მას არც კი უხსენებია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ისტორიული გამარჯვება ვერც ახსენებდა, რადგან ამის მორალური უფლება დაკარგული აქვს.

ზურაბიშვილმა დღეს ასევე გვამცნო, რომ ერთიანობა მას ესმის ფორმულით "ყველას მინუს ერთი“. დღეს ცხადი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები.

შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა”, - აცხადებს სააკაშვილი