საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.
მათ შორის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", - ვკითხულოთ განცახდებაში. იხილეთ სრულად