გერმანული როკ ჯგუფის - Rammstein-ის სოლისტი, ტილ ლინდემანი, ბერლინის მატარებლის სადგურზე ახალჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. ლინდემანის კეტილშობილების ამბავი უკრაინელი რეპერმა, პოტაპმა "ინსტაგრამით" გაავრცელა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში, უკრაინელი დევნილი, ალისა კომი ყვება, ის ტილ ლინდემანს სადგურზე შეხვდა, მოხალისეებისთვის გამოყოფილ ადგილზე. ალისა თავშესაფარს ეძებდა ბერლინში, რათა ღამე გაეთია, მაგრამ არსად იყო ადგილი:
"ტირილი მინდოდა, ისე ცუდად ვგრძნობდი თავს. ამ აპოკალიფსის დროს კი "რამშტაინის" მთავარი ვოკალისტი გამომეცხადა, მოდურ პალტოში გამოწყობილი. მას საშინლად კეტილი და ლამაზი თვალები აქვს", - ამბობს ალისა.
"ტილმა შესანიშნავ სასტუმროში წამიყვანა, ოთახის ფასი თავად გადაიხადა და 50 დოლარიც დატოვა ვახშმისთვის", - ამბობს ქალი.
ის ემოციურ ისტორიას პოზიტიურად ასრულებს: "ტილის 3-ჯერ ვაკოცე. შერცხვა. ვუთხარი, რომ ადრე ბრიტნის ფანი ვიყავი, ახლა კი რამშტაინი მიყვარს. გულწრფელად გაიცინა. მსოფლიო ვარსკვლავი მატარებლის გაჩერებაზე დგას, რომ უკრაინელ ლტოლვილებს დაბინავებაში დაეხმაროს. ნამდვილად საოცარი დღე იყო".
წინა კვირას, გერმანულმა ჯგუფმა უკრაინის მხარდასაჭერად განცხადებაც გააკეთა:
"ჯგუფ RAMMSTEIN-ს გვსურს უკრაინელი ერისადმი მხარდაჭერა გამოვხატოთ, რადგან ვეწინააღმდეგებით რუსეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ შოკისმომგვრელ თავდასხმას. უპირველეს ყოვლისა, ამ წუთებში, ჩვენ განსაკუთრებულ მწუხარებას ვგრძნობთ მათი ტანჯვის გამო", - ნათქვამი იყო გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო: metaladdicts.com
მოამზადა ანა სიბოშვილმა