ავტორი:

"პრეზიდენტი ხვდებოდა უხერხულობას და სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლის განზრახვა პარლამენტის თავმჯდომარეს ამ მიზეზით დაუმალა"- "ქართული ოცნება"

"პრეზიდენტი ხვდებოდა უხერხულობას და სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლის განზრახვა პარლამენტის თავმჯდომარეს ამ მიზეზით დაუმალა"- "ქართული ოცნება"

პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც მმართველი პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლის გამო აკრიტიკებს.

"ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევაზე აღნიშნული ფაქტის კონტექსტშიც საუბრობს.

"უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ”, - ნათქვამია "ქართული ოცნების“ განცხადებაში.