ავტორი:

"ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი", რომელიც სკოლის მერხიდან სამინისტროში მოხვდა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში 19 წლის გვაზავას "საგარეო უწყებაში" დანიშვნას?

"ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი", რომელიც სკოლის მერხიდან სამინისტროში მოხვდა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში 19 წლის გვაზავას "საგარეო უწყებაში" დანიშვნას?

"აფხაზი ვუნდერკინდი, ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი, არასრულწლოვანი მაშველი რგოლი" - ასეთი ფრაზებით მოიხსენიებენ აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას თანაშემწეს, 19 წლის სტუდენტს, ედგარ გვაზავას.

mfaapsny.org-ის ცნობით, გვაზავა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) დსთ-ის კლუბის კოორდინატორია.

გამოცემის ინფორმაციითვე, ახალი თანამდებობის შემდეგ კი, ის აფხაზეთის საელჩოს ბაზაზე არსებულ ახალგაზრდობის მხარდაჭერის ცენტრს, "აფხაზეთის მომავალს" უხელმძღვანელებს.

აფხაზური მედიის ცნობით, მისი პროტექტორი, ინალ არძიბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გასული წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავი და კრემლში მიღებული ფიგურაა.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მოსაზრებით, სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ის კრემლის მთავარმა იდეოლოგმა სურკოვმა. შესაბამისად, ახლა არძინბა გუნდის დაკომპლექტებას იწყებს და თავისი კადრები, ასაკის მიუხედავად, პირდაპირ სამთავრობო ორგანიზაციებში მოჰყავს. არძინბას სხვა მხრივაც ჰყავს საყრდენი - მას რუსეთის პატრიარქის კირილის დაქვემდებარებაში მყოფი, აფხაზური ეკლესიის ე.წ. წინამძღვრის, ბესარიონ აპლიას მრევლიც უჭერს მხარს.

ახალგაზრდა არძინბას ფრთის აქტიურობის მიუხედავად, აფხაზებს, რომლებიც ბოლო დღეებია ფასების კატასტროფულ მომატებაზე საუბრობენ, კიდევ ერთი სიახლე აქვთ.

tass.ru-სთან ინტერვიუში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩიი აცხადებს, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს, იმ იმედით, რომ მათ მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე გადავლენ და რუსულ სუბსიდიებზე დამოკიდებულებას შეამცირებენ...

"უკვე დამთავრდა დახმარების პირველი ეტაპი, როდესაც უბრალოდ შეგვეძლო მიგვეცა ფული, განგვევითარებინა იქ ინფრასტრუქტურა. რაც შეიძლებოდა მიგვეღო ამ ეტაპისგან ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, მივიღეთ" - აღნიშნა ვოლვაჩმა.

რაც შეეხება 19 წლის გვაზავას დანიშვნას, აფხაზების ერთი ნაწილი გაოცებულია, რადგან მიაჩნიათ, რომ 31 წლის არძინბა თავხედურად ცდილობს პოზიციები გაიმყაროს. ოღონდ საქმე იმაშია, რომ კრემლის კადრის მიმართ მოსახლეობას უნდობლობა აქვს, რადგან არსებული ინფორმაციით, ის ანქვაბი-ბჟანიას გუნდს ანგარიშს თითქმის არ უწევს.

სხვების თქმით, გვაზავას მაგალითი კარგი მოტივაციაა იმისთვის, რომ სხვებიც შეეცადონ განათლება მიიღონ.

"მან სამი ენა იცის, ინგლისური, ფრანგული და ესპანური, რუსული თავისთავად... ასე რომ, წარმატებები 19 წლის ედგარს..." - წერს ადგილობრივი მადინა ლაკობა.

"არ ვიცი, ეს ბავშვი რა გარღვევას მოუტანს აფხაზეთს საერთაშორისო მიმართულებით. მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი და არძინბას კლანის წევრი, გასაგებია, რომ რუსეთთან დაახლოებაზე იმუშავებს, ოღონდ ის ამიხსენით ვინმემ, კიდევ რა დაახლოება გვჭირდება, ორმაგ მოქალაქეობაზე ლაპარაკობენ, რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად მათი დავალების შემსრულებლები ვხვდებით, ანუ ჩვენს ბიჭებს ომში გაიწვევენ... რა დარჩა კიდევ, რას მოგვიტანს ეს პატარა ბიჭი, რომელიც თურმე რუსულ-აფხაზურ პროექტებზე მუშაობს?!" - წერს ადგილობრივი ანეტა საღარია სოციალურ ქსელში.

"30 წელია ქაოსსა და რაღაცის ძიებაშია ქვეყანა, მაგრამ ასეთი გაურკვევლობაში არ ვყოფილვართ. ამ ბავშვის მშობლები აფხაზეთში არ ცხოვრობენ, თორემ შვილს ასეთ განათლებას ვერ მისცემდნენ. რას მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას, საინტერესოა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს..." - მიაჩნია ოთარ ჟიბას.

"19 წლის მინისტრის მოადგილე, ოღონდ ვიღაცებისთვის საჭირო კადრი. არ მაქვს დიდი იმედი... ამ წელს რუსეთიდან, სანქციების გამო, ზღვა ტურისტების ნაკადს უნდა ველოდოთ და ეკონომიკასაც ეშველებაო, არც ამის მჯერა, ფასებიდან გამომდინარე. უკვე აქაც გაძვირდა ბინები, ყველა ვიცი როგორც ხდება - უნდათ იაფად, ან ქირაობენ და კომუნალურების ვალებს გიტოვებენ. ალბათ მარტო ჩვენთან ხვდებიან ადამიანები სკოლის მერხიდან სამინისტროში. სინამდვილეში, რუსულ სკოლაში აგრძელებენ სწავლას და რაღაც იდეებით გვიბრუნდებიან. 19 წლის ბავშვს დაავალეს, მისი თანატოლები მოიზიდოს და უფროსების დავალება შეასრულოს გარკვეული თანხის საფასურად, მაგალითად, პუტინის მხარდამჭერი აქციები მოაწყოს მთავრობის სახლის წინ, რუსეთს როგორც შეუძლია ისე გამოუცხადოს თანადგომა... სულ ესაა ჩვენი მინისტრის თანაშემწის მოვალეობა" - წერა ინგა ცკუა.