მარიუპოლში რუსი ოკუპანტების სამხედრო მოქმედებების შედეგად არც ერთი მთელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა კი წყალს გუბეებიდან სვამს, - ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ 80-90% დაბომბილია. არც ერთი შენობა არ არის დაზიანებების გარეშე. ან განადგურებულია, ან დაზიანებულია. ბლოკადის მომენტისთვის ქალაქში 350 ათასიდან 400 ათასამდე ადამიანი რჩებოდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ადამიანები წყლის ნაკლებობას განიცდიან. ადამიანთა უმნიშვნელო რაოდენობა წყალს ჭაბურღილებიდან იღებს. ადამიანებს არ აქვთ გათბობა და ისინი გამათბობლებიდან უშვებენ წყალს და ამას იყენებენ. ვიღაცები ამბობენ, რომ გუბეებში აგროვებენ წყალს, ზოგი კი თოვლს ადნობდა. ქალაქში ასევე არის 3-4 წყარო, სადაც წყალი ზედაპირზე ამოდის, კომუნალური სამსახური იქ აგროვებს წყალს და ცენტრის რამდენიმე წერტილში მიაქვს და ანაწილებს, თუმცა ეს წყაროები ნახევარმილიონიან ქალაქს არ ჰყოფნის“,- განაცხადა ორლოვმა.
მისივე თქმით, ქალაქს გადაუდებლად სჭირდება ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება და ევაკუაცია.
"ჩვენ, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობას, მხოლოდ ერთი რაღაც გვსურს, რომ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი და ჩვენ შევძლოთ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. უკვე 11 დღეა ვცდილობთ ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ჩვენი უკანასკნელი ჰუმანიტარული კოლონა უკვე 4 დღეა გზაშია და რუსები არ აძლევენ მას მარიუპოლში შესვლის უფლებას. არის ასევე ავტობუსები, მზად ვართ ყოველდღიურად 3 ათასი ადამიანის ევაკუაციისთვის, მაგრამ არც ამის საშუალებას გვაძლევენ. რა არის გამოსავალი?“- განაცხადა მერის მოადგილემ.
როგორც ორლოვმა განმარტა, რუს ოკუპანტებს ესმით, რომ უკრაინულ სამხედროებთან პირისპირ ომში ვერაფერს გახდებიან და ამიტომ უკრაინის მხრიდან დათმობების მიღწევას მსგავსი წნეხის საშუალებით ცდილობენ.