ავტორი:

ვიზიტი "განსაკუთრებულ პირობებში", საუბარი რუსეთის შემზღუდავ სანქციებსა და აგვისტოს ომზე - რა განაცხადეს საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა?

ვიზიტი "განსაკუთრებულ პირობებში", საუბარი რუსეთის შემზღუდავ სანქციებსა და აგვისტოს ომზე  - რა განაცხადეს საქართველოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა?

კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი დღეს საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ - თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ მისაღები არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"დღევანდელი ჩემი ვიზიტი განსაკუთრებულ პირობებშია. ეს არის უპრეცედენტო, არავითარი მიზეზების გამო, პროვოცირების გარეშე აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა.

ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც თქვა 2008 წლის 12 აგვისტოს. ეს სიტყვები, სამწუხაროდ გამართლდა. მან ბრძანა, რომ დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შესაძლოა, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის.

გვახსოვს ის დრო, როდესაც ზოგისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თითქოს, ესმოდათ ეს სიტყვები მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ წინასწარმეტყველება იყო. ჩვენს გულებში ახლა ეს სიტუაციაა, მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშნველოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა, ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაზე სამხედრო შეტაკებით.

რამდენიმე დღის წინ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში. ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მთლიანად უკრაინის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსაც და პოლონეთისთვის.

მინდა აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, გამართლებული და მხარდამჭერი იყოს უკრაინელებისთვის. რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ, ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აგრესია შევაჩეროთ. რა შეიძლება გავაკეთოთ. სანქციები, რომელიც იყო მიღებული ევროკომისიის მხრიდან, პოლონეთი სანქციების ინიცირებას აკეთებს, გვინდა გავაღრმაოთ სანქციები. თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები“,- აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.

მორავიეცკის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქართველებზე უკეთ უკრაინელებს ვერავინ გაუგებს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების პაკეტები, რომელიც უკვე მიღებულია ევროპის საბჭოს, ევროკომისიის მხრიდან, გაღრმავდეს და თითო დანგრეულ, დაბომბილ სახლს თითო სანქცია დაემატოს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მიუღებელია. არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ - ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მჯერა და მოვისმინე პოლონეთის პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ევროკავშირის გზაზე, - ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არის გრძელი გზა და ამისთვის ქვეყანას რეფორმების განხორციელება სჭირდება.

"შეხვედრაზე ვრცელი საუბარი გვქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე, რაც მართლაც ისტორიული ნაბიჯია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მოსახლეობის არჩევანი. პოლონეთი არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერი. მჯერა და მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გრძელი გზა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ ევროკავშირში დაჩქარებული მიღება რომელიმე ქვეყნის არ იგეგმება და რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მაგრამ მოტივირებულები ვართ, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც მასშია გაწერილი. მას შემდეგ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვქონდა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ამ პროცესში კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთს, როგორც ჩვენს ერთგულ და გულმხურვალე მხარდამჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის. ჩვენ ასევე განვიხილეთ სექტორული თანამშრომლობა. აღვნიშნეთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განვავითაროთ, ასევ ტურიზმი და სხვა სექტორული მიმართულებები. უნდა გავააქტიუროთ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ჩვენი ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე გაიხსნა და აგვისტოს ომი და განაცხადა, სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულაო..

იხილეთ ასევე: