ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეკანოიძემ აღნიშნა, მას რამდენიმე საათის წინ, ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა.
დეკანოიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, მხოლოდ ოპოზიციის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის სურვილად არ დარჩება.
"დღეს, ოპოზიციის მხრიდან გაიჟღერა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის მოწვევასთან დაკავშირებით ინიციატივამ. გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან მომეწონა ეს, როგორც იცით, ჩემი დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან მიმართებაში. აქ გვქონდა უკრაინის დროშა გაშლილი, მე სტრასბურგში ვიყავი, მაგრამ თქვენ გქონდათ პირბადეები უკრაინა-საქართველოს დროშით და ეს პირბადეები გამოხატავდა ჩვენ სოლიდარობას. ის, რომ ჩვენ აქეთ ფლანგი ვთანხმდებით იმაზე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა და ალბათ, საქართველოს საზოგადოებასაც, რომ ამ მხრივ ჩვენ ვაჩვენოთ ერთიანობა.
პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან მქონდა საუბარი დღეს დილას და რამდენიმე საათის წინ, მზად არის, პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან, მე შემიძლია ეს დავადასტურო, მე შემიძლია, ბატონო შალვა [პაპუაშვილს] თქვენთან გავმართო ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა, თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ და ჩვენ, ყველამ, თქვენც, როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელმა, აქ ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს. ოპოზიციამ დააყენა ეს ინიციატივა, მე მქონდა უკვე კონსულტაციები და მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნამდვილად იმ ძალიან მძიმე პერიოდში და ომში, რომელშიც ახლა უკრაინაა, პრეზიდენტი ზელენსკი პარლამენტიდან გამოეხმაუროს საქართველოს საზოგადოებას.
პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს სოლიდარობა არ დარჩება მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრად. ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად. დიდი იმედი მაქვს, საქართველოლს საზოგადოებას და მოქალაქეებს არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში პარტია „ლელო საქართველოსთვის" ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს.