75 წლის სვეტლანამ და მისმა ოჯახმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგი რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს. 4 დღიანი მგზავრობის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ რუმინეთში, თოვლით დაფარულ პუტნას მონასტერს მიადგნენ. ტყის შუაგულში მდგომ XV საუკუნის ორთოდოქსულ მონასტერში მხოლოდ ბერები ცხოვრობენ. მათ, 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკვე 100-მდე უკრაინელ ქალსა და ბავშვს გაუღეს მონასტრის კარი. მათ შორისაა ქალბატონი სვეტლანაც.
სვეტლანამ თავის ქალიშვილთან ანასთან, 6 წლის შვილიშვილთან და კიდევ ორ ნათესავ ქალთან ერთად დატოვა სამშობლო, ანას მეუღლე და ორი ძმა კი უკრაინაში დარჩნენ ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.
"სახლში დაუფიქრებლად დავბრუნდებოდით, სული გვაქვს დამძიმებული და ძალიან გვწყდება გული, რომ ოჯახთან განშორება მოგვიწია. ახლა შიშსა და დაბნეულობას ვყავართ მოცული, არ ვიცით რა გავაკეთოთ," - ჰყვება სვეტლანა.
იმავე დღეს, სოფლის მაცხოვრებლები თოვლსა და ქარიშხალს არ შეუშინდნენ და მაინც დაესწრნენ წირვას, რომელზეც ბერები უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობდნენ.
"ადამიანთა უმრავლესობას სურს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს საბოლოო დანიშნულების ადგილს, როგორც წესი, სადმე დასავლეთში და თუ შეუძლიათ, ღამის გათევას საზღვრისპირა ქალაქებთან ირჩევენ.
"პუტნა უკაცრიელია, მაგრამ ვისაც არ ეჩქარება, აქ გაჩერება და ღამის გათევა შეუძლია. თითოეულ ოჯახს თავისი ოთახი აქვს. მე ვხედავ, როგორ დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ და ნუგეშს იღებენ ამით," - ამბობს მამა გერასიმი.
412 000-ზე მეტი უკრაინელი გაიქცა რუმინეთში, სადაც ათასობით მოხალისე, ეკლესია, არასამთავრობო ორგანიზაცია და სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, ტანსაცმელს და ტრანსპორტირებას.
"უკრაინელების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მომუშავე ნათესავებთან მიდის. მათთვის საზღვრისგან მოშორებით წასვლაა უმჯობესი, ძალადობისგან შორს თავს უფრო მშვიდად გრძნობენ," - განაცხადა მამა ალექსანდრუ ფლავიან სავამ.
ლტოლვილებს შორის, რომელთაც პუტნას თავი შეაფარეს, იყო წყვილი, რომელიც შვილთან ერთად გაიქცა ივანო-ფრანკოვსკიდან. მამამ ორმაგი რუმინული პასპორტი გამოიყენა წასასვლელად (რადგან წვევამდელ ასაკში უკრაინელ მამაკაცებს ამის უფლება არ აქვთ).
"პატარა გოგონა გვყავს და ამიტომ წამოვედით, რომ გვეშინოდა. არ ვიცით, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი." - ყვება პატარა გოგონას მამა.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა