უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელიტოპოლის მერი "სიმამაცისთვის" III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ივან ფიოდოროვი ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს. მის ნაცვლად უკრაინელებმა რუსებს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს. ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფიოდოროვი გაცვალეს ცხრა რუს ჯარისკაცზე, რომლებიც უკრაინელების ინფორმაციით, 2002-2003 წლებში დაბადებული სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ფიოდოროვი დაკავების შემდეგ ლუგანსკში გადაიყვანეს, სადაც ხუთი დღე გაატარა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, მას, სავარაუდოდ, რუსეთთან თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.