გგონიათ, საქართველოს ეკონომიკური სანქცია ვინმეს ადარდებს? - საუბარია, სამარცხვინო პოზიციაზე, რომელსაც საქართველო იკავებს, მესიჯს უგზავნის კრემლს: იცოდეთ, არაფრის დიდებით არაფერს გაწყენინებთ, - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ელიტა კრემლს დღეს ეუბნება, რომ "ეშინია და მათი მოწიწება აქვს“.
"მთავარი არის ის, ჩვენ ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით ასეთი ზედმიწევნით და ასეთი სიხისტით, თორემ მართლა გგონიათ, რომ საქართველოს ეკონომიკური სანქცია ვინმეს ადარდებს? - ან პოლონეთს, ან დასავლეთს, ან რუსეთ. რაიმენაირად ეს გლობალური პროცესების კონტექსტში განიხილება საქართველო იყიდის, თუ არ იყიდის რაიმეს რუსეთისგან? - ამაზე არ არის საუბარი. საუბარია, იმ სამარცხვინო პოზიციაზე, რომელსაც საქართველო იკავებს ამ საკითხთან მიმართებაში და ასე ხაზგასმით ამბობს, რომ სანქციებს არ შეუერთდება.
2014 წელს უკრაინის მხარდასაჭერად უსუფაშვილის პარლამენტმა 5 რეზოლუცია მიიღო. ბუნებრივია ეს ისეთი რეზოლუციები არ იყო, სადაც ეშინოდათ იმის თქმა, რომ რუსეთზეა ლაპარაკი.
ამ სანქციების პოლიტიკური ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა, რომელიც თავისუფლების ბრძოლის, მეგობრის მხარდაჭერის მთავარ პოსტზე უნდა იყოს; ქვეყანა, რომელიც 30 წელიწადია სუვერენიტეტისთვის ებრძვის სწორედ რუსეთს და არა სხვას; ქვეყანა, რომელიც უკრაინასთან ვალშია 2008 წელთან მიმართებაში; ასე მოკვაკული იცავს პოზიციას, რომ აქედან მესიჯს უგზავნის კრემლს: იცოდეთ, ჩვენ თქვენ არაფრის დიდებით არაფერს გაწყენინებთ, ვერც გავბედავთ თქვენს ხსენებას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა კრემლს დღეს ეუბნება, იმდენად გვეშინია და იმდენად დიდი მოწიწება გვაქვს თქვენი, რომ რეზოლუციაში თქვენი სახელის ხსენებას ვერ ვბედავთ. აი, ეს არის რეალობა რომელშიც ვართ, თორემ მართლა ახლა ქართულმა სანქციამ არ დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ლეგალური იარაღი უნდა შეიძინოს და ამასთან, საქართველოში რუსული პროპაგანდისტული მოქმედებები უნდა აიკრძალოს.
"რაც შეიძლება მეტი იარაღი შევიძინოთ და ყოველგვარი რუსული კოლაბორაციონალისტური პროპაგანდისტული მოქმედება უნდა აიკრძალოს საქართველოში კანონით. აი, როგორც იყო პატრიოტის აქტი, როგორიც იყო აქტი, რომელმაც საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალა აი, ასე დღეს უნდა აიკრძალოს დღეს მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში, შეიზღუდოს მათი იურიდიული ფუნქციონირება და საქმიანობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.