სალომე ზურაბიშვილი კარიერისტია. დიდი ალბათობით, პრეზიდენტობა იმისთვის სჭირდება, რომ ტრამპლინად გამოიყენოს, რომელიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში გადახტეს ხელმძღვანელად. ყოველთვის კარიერისტი იყო. სიტყვები მომწონს, CNN-ზე მისი ინტერვიუ მომწონს, მაგრამ ქმედებებს ვერ ვხედავ, სად არის ეს ქმედებები? - ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრის ანალიტიკოსმა გია ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.
გია ჯაფარიძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ფიქრის საფუძველი, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს.
"ძალიან მინდა დავიჯერო ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, მაგრამ მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს ვერ მარწმუნებს, რომ ის თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ამ ეჭვისთვის მყარი არგუმენტები მაქვს. 2004 წლიდან ვუყურებ, როდესაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. მახსოვს, როგორი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მახსოვს პოლიტიკაში, როგორი პოლიტიკოსი იყო. მისი საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნებიც მახსოვს, როდესაც პირველად გამოჩნდა სისხლიანი ბანერები, ზიზღის და სიძულვილის ენა, უკიდურესი პოლარიზაცია.
ეს უკავშირდება მის საპრეზიდენტო არჩევნებს. მახსოვს მისი ნაბიჯები, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. მე ვუყურებ დღეს მას და ხმას არ იღებს იმ ძალადობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ მედიის მიმართ, ხმას არ იღებს სოკოებივით მომრავლებულ რუსულ პარტიებზე, მას არ აწუხებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. ერთადერთი, რაზეც ხმა ამოიღო ისედაც ვიცით, წელიწადზე მეტია ეს გრძელდება, მას არ უშვებენ უცხოეთში ვიზიტებზე და ბლოკავს ელჩის დანიშვნას ზოგ ქვეყანაში. შემდეგ გარიგება თუ მოხდება, სადმე ვიზიტად გაუშვებენ, ელჩის დანიშვნას მოაწერს ხელს. მხოლოდ მისი სიტყვები არ არის დამარწმუნებელი, მაინტერესებს დავინახო მისი ქმედებები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.
არ დაგვავიწყდეს, რომ კარიერისტია. დიდი ალბათობით, პრეზიდენტობა იმისთვის სჭირდება, რომ ტრამპლინად გამოიყენოს, რომელიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში გადახტეს ხელმძღვანელად. ყოველთვის კარიერისტი იყო. სიტყვები მომწონს, CNN- ზე მისი ინტერვიუ მომწონს, მაგრამ ქმედებებს ვერ ვხედავ, სად არის ეს ქმედებები? მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია და ახსოვს წარსული, რატომ უნდა მქონდეს საფუძველი ვიფიქრო, რომ პრეზიდენტი ახლა დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. უფრო მეტი დამანახოს, დავინახო, რომ არჩევანსა და ქმედებებში თავისუფალია“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
აღნიშნულ კონტექსტში მან "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებები შეაფასა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს მისთვის გაუგებარია როგორ საუბრობს მდინარაძე საერთაშორისო ურთიერთობებზე.
"მდინარაძე როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკაზე საუბრობდეს. ერთი სტატია, წიგნი დაასახელოს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებზე წაუკითხავს. ათს არ ვითხოვ, ერთი თქვას რაც საერთაშორისო ურთიერთობებზე წაიკითხა. წყარო თქვას, რას გაეცნო. რანაირად საუბრობს მდინარაძე საერთაშორისო ურთიერთობებზე“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.
გარდა ამისა, გია ჯაფარიძემ უკრაინის პრეზიდენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლაზეც ისაუბრა, რისთვისაც "ლელომ" პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა მიმართოს ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს.
"ელჩის გაწვევა რას ნიშნავს?! ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობები არ არის, დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე უფრო დაბალ ნიშნულზეა. უკრაინამ დღეს გაიწვია ელჩი თორემ, მანამდე საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიწვია თავისი ელჩი კიევიდან. მაშინ უკრაინამ ჩვენ დაგვინდო. ქართულ სამარცხვინო დემარშს ნაცვალგებით პრინციპით არ უპასუხა, მაშინ ზელენსკიმ დაგვინდო. როგორც ჩანს, ჩვენ გადავაჭარბეთ ყველა ლიმიტს, დღეს აქ უკრაინის ელჩი არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ, ზელენსკი მიმართავს რუსეთის პარლამენტს?! ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს?! როგორ უნდა მიმართოს საქართველოს პარლამენტს, ვერ წარმომიდგენია“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.