ავტორი:

"ერთხელაც მოვიდა, ყურსასმენები მოიხსნა - ქართულ საგალობლებს ვუსმენო" - როგორ იხსენებს ქართველი მეგობარი უკრაინელ მსახიობს, რომელმაც 9 ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა

"ერთხელაც მოვიდა, ყურსასმენები მოიხსნა  - ქართულ საგალობლებს ვუსმენო" - როგორ იხსენებს ქართველი მეგობარი უკრაინელ მსახიობს, რომელმაც 9 ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა

"პაშა შენ ხარ გმირი, მე შენ ძალიან მიყვარხარ“ - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა უკრაინაში მცხოვრები ქართველი, გიორგი დუდუ დუდუნია, მეგობარს, 33 წლის უკრაინელ მსახიობს, პაშა ლის.

  • მსახიობი და ტელეწამყვანი რუსული სამხედრო ძალების მხრიდან დაბომბვას შეეწირა. მან თავის ჯავშანჟილეტი ბავშვებს გადააფარა, რითაც 9 პატარას სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

Ambebi.ge გიორგი დუდუნიას დაუკავშირდა. ის უკრაინაში 2013 წლიდან ცხოვრობს, წარმატებული მუსიკოსია. ამჟამად თბილისში იმყოფება. ინტერვიუ პაშა ლის შესახებ საუბრით დავიწყეთ.

- კი, ის ჩემი მეგობარი იყო, რომელიც იმ თეატრში გავიცანი, სადაც კიევში ჩასვლის შემდეგ მუშაობა მომიხდა. მასთან ერთად იქ ბევრი დამწყები მსახიობი იყო, რომლებიც მაშინ "თეატრალურს“ ამთავრებდნენ და კარიერას იწყებდნენ. თეატრში იმ პროექტში მიმიწვიეს, სადაც 70 მსახიობი ვიყავით ჩართული. ერთ-ერთი მთავარი როლი პაშასი იყო.

პაშა ლი და გიორგი დუდუნია

სპექტაკლს 21 დღე ვთამაშობდით, დღეში 4 გამოსვლა გვქონდა. შესვენებაზე პაშა თავისთვის ყურსასმენით დადიოდა ხოლმე და თავიდან ცოტა უკონტაქტო ადამიანად მომეჩვენა. ერთხელაც, ჩემთან მოვიდა, ყურსასმენები მოიხსნა, მე გამიკეთა და მითხრა, - ქართულ საგალობლებს ვუსმენო. საგალობლების ხმა რომ ჩამესმა, ტანზე დამბურძგლა. როგორ? რანაირად-მეთქი? - მე ყოველთვის ვუსმენ ქართულ საგალობლებს, თან, ახლა მარხვაზე ვარო. ასეთი ბიჭი იყო.

იმის მერე დავმეგობრდით. ერთხელ მთხოვა, ჩვენს მეგობარს დაბადების დღე აქვს, თუ შეიძლება, რომ წამოხვიდე და დაუკრაო. შემდეგ სახლში დამპატიჟა, მაშინ კიევში ცხოვრობდა. პაშასთან სახლში მისულს მისი დედა დამხვდა, რომელსაც სუფრა გაეშალა და დედა-შვილი მელოდებოდნენ. დაახლოებით ისეთი შეხვედრა და დახვედრა იყო, აქ, საქართველოში რომ ვიცით. უკარგესი ადამიანია დედამისი, რომელმაც ახლა ეს ერთადერთი შვილი დაკარგა.

მოკლედ, ჩემი პირველი უკრაინელი მეგობარი, ძმაკაცი პაშა აღმოჩნდა. შეიძლება დიდი კონტაქტი არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთი რაღაცნაირად მივიღეთ, კარგად გვესმოდა ერთმანეთის. მათ ოჯახში თუკი რაიმე ხდებოდა, ყოველთვის მეპატიჟებოდნენ. პაშას ბოლო დაბადების დღეზეც კი ვიყავი. საერთოდ, უნიჭიერესი ადამიანი იყო, თეატრის მსახიობი და არაერთ თეატრში თამაშობდა, ახმოვანებდა მულტფილმებს, ფილმებს, კეთილი და კარგი ბიჭი იყო, ისევ კეთილი საქმის კეთების დროს წავიდა - ამაზე მისი გმირული დაღუპვაც მეტყველებს, 9 ბავშვი გადაარჩინა.

- სამხედრო მომზადება ჰქონდა?

- არა... ის მერე საცხოვრებლად ირპენში, კიევთან ახლოს გადავიდა. როცა უკრაინაში რუსეთის ჯარი შეიჭრა, იქ მოხალისედ ჩაეწერა. იარაღი არ ჰქონდა, კოორდინატორი იყო, ევაკუაციის დროს ხალხს ეხმარებოდა, აფრთხილებდა, მეორე დღეს საიდან უნდა მომხდარიყო მათი გაყვანა. ასეა დღეს ჩემი ბევრი მეგობარი ომის პროცესში ჩართული. ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. პაშა კი გუშინ დაკრძალეს. თავიდან მისი ცხედრის პოვნა გაჭირდა, დიდხანს ეძებდნენ...

- გიორგი, ახლა თბილისში ხართ, როდის ჩამოხვედით?

- 21 თებერვალს ჩამოვფრინდი, რადგან 23-ში ოპერაცია მქონდა აქ ერთ-ერთ კლინიკაში ჩანიშნული. 4 მარტს კიევში უკან უნდა წავსულიყავი, რადგანაც ჩვენს ჯგუფს კონცერტები გვქონდა დაგეგმილი. ოპერაციის საკითხი თვენახევრით ადრე მქონდა დაგეგმილი, ბილეთებიც ნაყიდი. 24-ში მოხდა ცუდი ამბავი - ომი დაიწყო.

რომ მოვდიოდი, კი ვიცოდი, რომ დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ომს არ ვფიქრობდი არც მე და არც ჩემი უკრაინელი მეგობრები. არ ველოდებით, რომ ასე განვითარდებოდა ყველაფერი და ამიტომაც ჩამოვედი. ახლა თავი სიზმარში მგონია, ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო. ჩემი ფიქრები, გონება იქ არის. ერთი ზურგჩანთით ჩამოვფრინდი, ჩემი უახლოესი მეგობრები ახლა იქ არიან. ერთი ის, რომ საქართველოში ჩემს ოჯახში ვარ, დანარჩენი, ჩვეულებრივად ლტოლვილად ვგრძნობ თავს. ვერაფერს ვაკეთებ...

- უკრაინაში საქმიანობაზე მოგვიყევით...

- 2013 წელს უკრაინაში მეგობართან ერთად ჩავედი. 8 თვე ოდესაში ვიყავი. იქ მუსიკის, ხელოვნების მიმართულებით მეტის შესწავლა მინდოდა. 2014-ში სიტუაცია რომ აირია, ოდესიდან კიევში წავედი, "გოგელ ფესტში“ მიმიწვიეს, სადაც პირველად დავწერე მუსიკა (მწერალ გრიგორია სკავარადას ნამუშევარზე, პანტომიმის სპექტაკლისთვის) და სწორედ იმ თეატრისთვის, სადაც პაშა გავიცანი. მერე კიდევ იყო სხვადასხვა მცდელობა და ბოლოს შევქმენი ქართულ-უკრაინული ჯგუფი, სადაც ქართველი მხოლოდ მე ვარ.

20 მარტს "დუდუ ბენდი“ 3 წლის ხდება. სინთეზურ ხელოვნებას მივდევთ, ერთ ნამუშევარში თავს იყრის ქართული და უკრაინული კლასიკოსი პოეტების სტრიქონები, მაგალითად, გალაკტიონის, ტარას შევჩენკოსი... ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენი ჯგუფი უკრაინაში. ევროპაშიც მიგვიწვიეს გასტროლებზე, ცოტა ხნის წინ რეჟისორებმა ჩვენზე ფილმიც გადაიღეს. ამისთვის საქართველოშიც ვიყავით ჩამოსული.

- "დუდუ ბენდი“ ალბათ იმიტომ ჰქვია, რომ დუდუნია ხართ და დუდუს გეძახიან...

- კი, ბავშვობიდან გვარის გამო დუდუს მეძახიან. შემოქმედებითად საინტერესო ეტაპზე ვიყავით, ომმა ყველაფერი ამოაყირავა. ბენდის წევრები უკრაინაში არიან, ზოგი კიევში, ზოგი სხვა ქალაქში. ვისაც როგორ შეუძლია, ისე მონაწილეობს ომში...

- ე.ი. უკრაინა აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც მიგიღოთ, რეალიზების საშუალება მოგცათ....

- უკრაინა ჩემი სამშობლოა, იქ ხელახლა დავიბადე. აქ სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი, პროფესიით ზოოტექნიკოსი ვარ, მუსიკით და ხელოვნებით 22 წლის ასაკში დავინტერესდი და ჩემი შემოქმედება მუსიკა (ეთნოჯაზი, ჯაზფოლკი, რეგეი) მხოლოდ უკრაინაში გახდა რეალური, საკუთარი თავი ვიპოვე... ამაში ეს ქვეყანა და ხალხი დამეხმარა. რაც არ უნდა ვთქვა, მსოფლიო ხედავს, როგორი კარგი ადამიანები არიან, როლებიც ძალიან მიყვარს. არც ვიცი, ამ ყველაფერს რა სიტყვები მოვუძებნო.

- როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გააგრძელებს უკრაინა ცხოვრებას?

- ჯერჯერობით, მეც დასტრესილი ვარ და ასეა უამრავი ადამიანი. სამ მილიონზე მეტმა უკრაინა დატოვა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველგან გაიშალნენ. ხომ გეუბნებით, აღმოჩნდა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მიუხედავად ამისა, იმედი და პოზიტიური განწყობა არ მინდა დავკარგო. ცოტა ხანში ვაპირებ, რომ წავიდე, ახლა პოლონეთიდან ველოდები თანხმობას.