"დარწმუნებული ვარ, ბატონო მოსამართლე, თქვენც უყურებთ ფილმს "ხალხის მსახურს" - მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე.
საუბარია სერიალზე, რომელშიც მთავარ როლს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებს.
"გუშინდელ სერიაში იყო გახმაურებული, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. როგორც სცენარისტებმა მითხრეს, ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია დიდწილად, ჩემს პრეზიდენტობაზე. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენკის რომ უთხრან, მართალია, შენი ქვეყანა გადაარჩინე, მაგრამ ის მაისური, რომ გეცვა, ეს არის ფულის გადახარჯვა" - თქვა ექსპრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.