ავტორი:

"ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა მარტივი არ არის... შესაძლოა ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც თვლით საჭიროდ..."- დავით უსუფაშვილი

"ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა მარტივი არ არის... შესაძლოა ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც თვლით საჭიროდ..."- დავით უსუფაშვილი

ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა მარტივი არ არის - ვისაც გეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა, არ დაიჯერეთ, რომ მარტივი არ არის! შესაძლოა, ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც საჭიროდ თვლით, მაგრამ ამას საკანონმდებლო პოლიტიკური ბრძოლით კი არა, იქნებ ყველამ ერთად სხვანაირად მოვუაროთ - მივმართავ პრეზიდენტსა და პრემიერს, ასე არ შეიძლება! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ “ლელოს“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირებისთვის “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის თაობაზეც უსუფაშვილმა პარლამენტს მისი განხილვის შეყოვნების წინადადებით მიმართა. უსუფაშვილმა არგუმენტად ის დაასახელა, რომ როცა გეოპოლიტიკურად უაღრესად კრიტიკული პერიოდია, საჭიროა ძალების კონსოლიდაცია. “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თუ სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობაში მოუგვარებელი პრობლემები არსებობს, ასეთ დროს სხვა გზით უნდა მოგვარდეს.

უსუფაშვილმა მმართველ გუნდს მიმართა, თავი შეიკავონ ისეთი საკითხების განხილვის დაწყებისგან, რომელიც ვითარებას უფრო გაამწვავებს.

“ყველა სამართლებრივ საკითხს პოლიტიკური კონტექსტი აქვს. არსებობს პოლიტიკური საკითხის დასმის დრო და ადგილი. წინა კვირის განმავლობაში სახელისუფლო გუნდის მხრიდან იყო განცხადებები იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მერე ითქვა იმპიჩმენტი აღარ... შემდეგ ითქვა წავალთ სასამარლოში - ამ კონტექსტში და ამ ვითარებაში ე.წ. საკანონმდებლო ხარვეზის წამოწევა პოლიტიკურად არასწორია. ამ ვითარებაში, ამ პოლიტიკურ გარემოში აღნიშნული თემის წამოწევა, საკითხს პოლიტიკურ თემად აუცილებლად აქცევს, რაც ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება. აუცილებელია პრეზიდენტისა და მთავრობის ხმაშეწყობილი და კოორდინირებული საქმიანობა. ჩანს, რომ არის სერიოზული პრობლემები. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდეტსა და მთავრობას შორის პრობლემებია და ამან ქვეყანა დააზარალა. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვლთან ურთიერთობა მარტივი არ არის. ვისაც გეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა, არ დაიჯერეთ, რომ მარტივი არ არის და შესაძლოა ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც თვლით საჭიროდ, მაგრამ ამას საკანონმდებლო პოლიტიკური ბრძოლით კი არა, იქნებ სხვანაირად მოვუაროთ ყველამ ერთად და ევრონტეგრაციის, მშვიდობის შენარჩუნებისა თუ თავდაცვის განმტკიცების საკითხები სამუშაო ვითარებაში გადავიყვანოთ. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყოველ დღე ნახევარი საათი რომ ისაუბრონ, ამაში გადავიყვანოთ და არა იმ ვითარებაში, რომ საერთოდ აღარ ილაპარაკონ. მგონი, აღარც ლაპარაკობენ - მივმართავ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ ასე არ შეიძლება!“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ არასწორი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა გამოაცხადა, რომ პარლამენტში 5 მარტს აპირებდა მისვლას.

“პრეზიდენტს პარლამენტის სხდომის ინდივიდუალურად მოწვევის უფლება არა აქვს, თუმცა მანამდე როცა სხდომა კანონით დადგენილი წესით მოიწვია, მაშინ დარბაზის კარი ჩაკეტეთ. არ გვინდა ასეთი რაღაცები - ვართ ურთულეს ვითარებაში მთელ მსოფლიოსთან ერთად. საკითხები მოვაგვაროთ და არა გავაღვივოთ“, - მიმართა უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს.

მმართველი გუნდი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომელის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციების თაობაზე დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.