ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა" - მამუკა მდინარაძე

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა" - მამუკა მდინარაძე

"ომის პარტიის" მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ "ომის პარტიის" მიერ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს! საქართველო განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე. ასევე გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში ომის პარტია და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას. ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა. მაგალითად: საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება; თქვეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა; საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი.

ყველა მათგანი საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია! ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც, თან პროპაგანდისტულ თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება, პარალელურ რეჟიმში კი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ომის პარტიის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, ჰიბრიდულ ომს და საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს. ამასთან ერთად, ბოლო დღეებში დაიწყეს ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომლებიც, ამ ვითარებაში, ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას. ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა ომის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს. ცალსახად უნდა ითქვას, ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა! შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

"მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან, როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი თავად რამენაირად ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ! ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე! ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ!“, - განაცხადა მდინარაძემ.