ბორის სოკოლოვი - უკრაინაში რუსეთის ომს პერსპექტივა არ აქვს და როგორ უნდა ამ ომიდან პუტინს გამოსვლა, არა მარტო მე არ მაქვს წარმოდგენა, საერთოდაც ძნელი წარმოსადგენია
უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და იმაზე, სავარაუდოდ რა გაგრძელება ექნება უკრაინულ კრიზისს, "ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.
- ბატონო ბორის, უკრაინის თემაზე საუბრისას ყველა უფრთხის მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, მაგრამ რაც ახლა უკრაინაში ხდება, მხედველობაში მაქვს რუსეთის მხრიდან წარმოებული საომარი მოქმედებები, დასავლეთის მხრიდან უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო სფეროში მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ეკონომიკური და ფინანსური ომი, იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ომი თუ სრულად არა, რეალურად დაწყებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება?
- ჩემი აზრით, ჯერჯერობით მესამე მსოფლიო ომი არაა დაწყებული, მაგრამ უკრაინაში მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ნატოს ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, ამიტომ, გარკვეულ წილად ადგილი აქვს რუსეთსა და ნატოს დაპირისპირებას, მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარები არ არიან.
იმ ინფორმაციებით, რომლებიც ღია წყაროებით ვრცელდება, რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია თავის ძირითად მიზნებს უკრაინაში. გარდა ერთისა, დნრ-დან და ლნრ-დან გაკვალა ყირიმისკენ მიმავალი კორიდორი. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში რუსეთს კიევის აღების შანსები არ აქვს. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.
თუ რუსეთის დანაკარგების დინამიკას გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, რუსეთს ომის წარმოებისთვის ჯარის რესურსი 2-3 თვე ეყოფა. ამის შემდეგ აუცილებელი გახდება ომის დასრულება, ან რუსეთს მოუწევს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება. როგორც ჩანს, ასე განვითარდება პროცესები.
- ამ ომში რუსეთის დანაკარგებზე მხოლოდ უკრაინული მხარე საუბრობდა, მაგრამ "კომსომოლსკაია პრავდამ“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ თემაზე უკრაინული მონაცემები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.
- მე სხვა ინფორმაციის წყაროებიდანაც ვიცი, რომ რუსულ დანაკარგებზე უკრაინული მონაცემები დაღუპულებზე საკმაოდ ახლოსაა სინამდვილესთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 9 ათასზე მეტი დაღუპული ჰყავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამაში შედის თუ არა რუსეთის პირველი და მეორე საარმიო კორპუსების მონაცემები, ან დნრ-სა და ლნრ-ის მონაცემები.
თუ მათ მონაცემებსაც გავითვალისწინებთ, ვინც დაკარგულად ითვლება, ან იმათ ოდენობას, რომლებიც ტყვედაა აყვანილი, ან მოწინააღმდეგეს ჩაბარდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დანაკარგებზე უკრაინული მონაცემები, რომ დაღუპულია 15 ათასი რუსი ჯარისკაცი, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ან როგორც მინიმუმ 12 ათასზე ნაკლები ნამდვილად არაა.
თუ რუსული დანაკარგების ის დინამიკა შენარჩუნდა, რაც ბოლო 10 დღეში ჰქონდა რუსულ მხარეს, ჩემი აზრით, რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად რესურსი მხოლოდ 2-3 თვე შეიძლება ჰქონდეს. გააგრძელეთ კითხვა