გზავნილებს ნეიტრალიტეტის თაობაზე რუსეთიდან ბიძინა ივანიშვილი იღებს - ჩემთვის დიპლომატიური წყაროებიდან არის ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი გზავნილი მიღებული აქვს!, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
სამადაშვილის თქმით, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით დასტურდება, რომ საქართველოზე ამ მიმართულებით ზეწოლა ხორციელდება.
გარდა ამისა, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, “ლელომ“ პარლამენტში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, მთავრობას შესაბამისი პროცესის დაჩქარება ევალება.
სამადაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციის განხილვა მთელი ამ ხნის განმავლობაში შეფერხებულია, ხოლო თუ მას მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში მიიღებს, კითხვებს პასუხი გაეცემა.
“საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში ომის დაწყებამდე უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, სადაც უკრაინა ნახსენები არ იყო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ინიციატივა პარლამენტში უკრაინის ელჩის მოწვევის თაობაზე დაბლოკა და მეორე დღეს უკრაინის ელჩი ჩვენი ქვეყნიდან გაიწვიეს. “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა უარი თქვა პრეზიდენტ ზელენსკის პარლამენტისთვის მიმართვაზე და დღეს საქართველო იმ ქვეყნების სიაში აღარ არის, ვისაც უკრაინა დახმარებისთვის მადლობას უხდის. აი ეს ადამიანი ბოდვას უწოდებს იმას, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ნატოზე უარის თქმას თხოვენ.
მინდა ბატონ სამხარაძეს ვუთხრა - ის საქმის კურსში არ არის, რადგან გზავნილებს ნეიტრალიტეტის შესახებ ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა მგონია, ივანიშვილმა სამხარაძის არსებობის შესახებ იცოდეს. ცხადია, ის ამ გზავნილების შესახებ ინფორმირებული არ იქნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის თემაზე აქტიურად ის საინფორმაციო საშუალებები საუბრობენ, რომელის ფუნციონირებას “ქართული ოცნება“ აქტიურად უწყობს ხელს.
“თუ “ქართული ოცნება“ თვლის, რომ ნეიტრალიტეტის თემაზე ყურადღების გამახვილება საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, რატომ არაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ მედია საშუალებებს ხელი შეუშალონ?!“, - განაცხადა სამადაშვილმა.