ავტორი:

"ჩვენი ოპოზიციისგან ეს საკითხი რაღაც თეატრალიზაციაზეა აგებული" - პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის საკითხი არ დგას

"ჩვენი ოპოზიციისგან ეს საკითხი რაღაც თეატრალიზაციაზეა აგებული" - პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის საკითხი არ დგას

ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის საკითხი არც დგას, არც განხილულა, არც რაიმე გადაწყვეტილება არ არსებობს. საერთოდ საკითხი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის არ მიუმართავს.

"ალბათ ერთი კვირის წინ იყო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის საუბრობდა უკრაინის ხელისუფლების სახელით და ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის ინიციატივა იყო. გავიდა ერთი კვირა და ჩვენ ეს ინიციატივა უკრაინის ხელისუფლებისგან ხომ არ გვინახავს. ამიტომ, ეს საკითხი არც დგას, არც განხილულა, არც რაიმე გადაწყვეტილება არ არსებობს. საერთოდ საკითხი არ არსებობს.

დააკვირდით "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს - ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება. ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის, ჰიბრიდული ომის ტიპური ინსტრუმენტი. ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა და გაურკვევლობის, მოსახლეობაში დაბნეულობის შემოტანა. ამიტომაც შემოაგდებენ ხან ერთ თემას, ხან მეორეს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ ქვეყნების პარლამენტში აქვს მოსმენები, რომელთაგანაც კონკრეტულ დახმარებას მოელის და მიმართავს იმისთვის, რომ ისინი მეტი დახმარების გაწევაში დაარწმუნოს.

"ჩვენ ვხედავთ რა მიზანი აქვს უკრაინის ხელისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. ეს გახლავთ ის ქვეყნები, საიდანაც უკრაინა გადამწყვეტ დახმარებას მოელის და იცით, რომ ორი რამაა, რასაც უკრაინა მოითხოვს. ეს გახლავთ უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა და საფრენი აპარატების მიცემა იმისთვის, რომ შემდეგ საჰაერო ომში ჩართვა შეძლოს. სწორედ იმ ქვეყნებს მიმართავს, ვისაც ამისი ტექნიკური, ფინანსური, თუ სხვა საშუალებები აქვს. მიმართავს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი მეტი დახმარების გაწევაში. ეს პროცესი ის კი არ არის, რომ ქვეყნები ითხოვენ უკრაინის პრეზიდენტის ჩართვას, რომ მისგან რაღაც მოისმინონ. ჩვენთან ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა კიდეც, რომ ჩვენ ეს ჩართვა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პატრიოტიზმი ისწავლოს. არ ვიცი ეს რანაირი დამოკიდებულებაა საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, ზოგადად ამ პროცესის მიმართ.

ვერიდები ყოველთვის, მაგრამ ასეთი ინიციატივების დროს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან მოდის, არის თითქოს სულ პიარზე, რაღაც თეატრალიზაციაზე და ა.შ. აგებული. მაშინ როცა უკრაინაში ყოველდღიური ტრაგედიები ხდება, ამ დროს ჩართვაზე და რაღაც ცერემონიულ საკითხებთან დაკავშირებით ფიქრი... მე მიჭირს ამის გააზრებაც კი, რატომ უჩნდებათ ასეთი იდეები და აზრები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს.

"საქართველოს რაც შეუძლია უკრაინისთვის გააკეთოს, ამას ჩვენ ვაკეთებთ. შეიძლება ბევრი სხვა საშუალება არ გვაქვს ისეთი, როგორც ამერიკას და ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ამერიკისა და ევროკავშირის წევრის ქვეყნების მსგავსად საერთაშორისო პლატფორმებზე თანაბარი ერთი ხმა გვაქვს და ამ ძალას ჩვენ ვიყენებთ" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.