ავტორი:

"ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ რისკის ფასად გამოიყვანა ოთხი დაჭრილი მეომარი" - რას წერს სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე?

"ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ რისკის ფასად გამოიყვანა ოთხი დაჭრილი მეომარი" - რას წერს სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით წერს. ის დაღუპულ ბახვა ჩიქობავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას წესით ეროვნული გმირის წოდება უნდა მიანიჭოს.

"ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც მძიმედაა დაჭრილი.

ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას.

ვუსურვებ ჩემ ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. მათი ცხედრები სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.

დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.