ავტორი:

"თქვენთან ერთად ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში... თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვით" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უკრაინელ ხალხს

"თქვენთან ერთად ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში... თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვით" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა  უკრაინელ ხალხს

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ, თქვენთან ერთად ვართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვიცით, ამ პირველი თვის განმავლობაში, რაოდენ ვაჟკაცურად გაუწიეთ წინააღმდეგობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს, ვიდეომიმართვაში.

ზურაბიშვილის თქმით, უკრაინელები იბრძვიან როგორც მათი, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

"ქართველი მოსახლეობის, ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მივმართო მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს, მათ, ვინც იბრძვიან ქალაქებში, რომელთაც იცავენ, სადაც წინააღმდეგობას უწევენ - მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში. მინდა, მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც ამ ბრძოლაში, მხარდაჭერაში, თავიანთი სიმამაცე გამოავლინეს. მინდა, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში არიან და მათი ნაწილი, საქართველოშიც ჩამოვიდა. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ, თქვენთან ერთად ვართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვიცით, ამ პირველი თვის განმავლობაში, რაოდენ ვაჟკაცურად გაუწიეთ წინააღმდეგობა, ზუსტად ამ 29 დღის განმავლობაში და ეს არის 29 გამარჯვება, რომელიც თქვენ უკვე მოიგეთ, რუსეთზე წინააღმდეგობის გაწევით, იმით, რომ აჩვენეთ, რომ ის, რაც ყველას ზესახელმწიფოდ მიაჩნდა, არ არის საკმარისად ძლიერი, რომ უკრაინა დაამარცხოს. მინდა, მთელი გულით გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, რადგან ჩვენ, როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ თქვენ ხართ ის, ვინც იბრძვით თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და ასევე ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენს საერთო გზაზე. მადლობა, უკრაინა, დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზურაბიშვილმა.