ავტორი:

"ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს... ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავება" - პრემიერი

"ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს... ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავება" - პრემიერი

ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად.

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება" - თქვა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად შეძლებენ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას.

"მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება: ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ განსაცდელი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მხოლოდ გააძლიერებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის კიდევ უფრო ყოვლისმომცველ პარტნიორობას ჩვენს დიდ ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყნებს ამ შესანიშნავ იუბილეს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.