ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე ასევე არის 22 "რუსი პროპაგანდისტი და დეზინფორმაციის ოპერატორი", მათ შორის მედიასაშუალებების Russia Today, Strategic Culture Foundation, InfoRos და NewsFront-ის რედაქტორები.
ამასთან, სანქცირებულ პირებს შორის არიან : ლუკაშენკოს მეუღლე გალინა და მისი ვაჟი ვიქტორი, რომლებიც ადრე მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
"სანქციების მიზანია, უზრუნველყოს, რომ რუსეთმა და მათ, ვინც მხარს უჭერს მის უკანონო, არაპროვოცირებულ შეჭრას დემოკრატიული მეზობლის ტერიტორიაზე, გადაიხადონ მაღალი ფასი" - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყების განმარტებით, ავსტრალია განაგრძობს სანქციების დაწესებას, რათა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს რუსეთსა და ბელარუსში მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან, ან ძალაუფლების ბერკეტებს ფლობენ.