როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთს ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცოცხალი ძალის შემდეგ, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების დახმარებაც დასჭირდა. 23 მარტს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა. მის ე.წ. ოფიციალურ ვიზიტს მაშინვე მოჰყვა აფხაზეთში ეჭვები, რომ ეს შეხვედრა რუსეთისთვის სამხედრო ძალის დახმარებას ითვალისწინებდა.
გამოცემა ekhokavkaza.com-მა, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია მიიღო, რა დროსაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბჟანიას დაჰპირდა, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს დაუჭერს აფხაზეთს საერთაშორისო საქმეებში და მისი ადგილის დამკვიდრებაში.
ასევე 23 მარტს გამართულ შეხვედრაზე ბჟანია შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერს ალექსანდრე ნივაკოვს.
"ნოვაკოვთან შეხვედრაზე განიხილეს საგზაო რუკების რეალიზაციის საკითხი და ენერგოუზრუნველყოფის ოპტიმიზაცია, ასევე, აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავება" - წერს გამოცემა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, ბჟანია ლავროვს დაჰპირდა, რომ უკრაინაში აფხაზი სამხედროებით დაეხმარებოდა.
"აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაცია. ჩვენი ხალხი უმეტესად მხარს უჭერს ამ აუცილებელ ღონისძიებას. ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამასთან, გავმართეთ მრავალათასიანი აქცია, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. აფხაზეთში მივიღეთ დონბასელი ლტოლვილები, რომელთა ნაწილი უკვე თავიანთ სახლებში დაბრუდნენ.
ამასთან, ჩვენ მზად ვართ, რუსეთს უკრაინაში დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურების ხაზით. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთი და განუყოფელი ბედი, ამიტომ არ დავიშურებთ ძალებსა და საშუალებებს, რომ ეს მდგომარეობა ლოგიკურ და სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ..." - აღნიშნა ბჟანიამ თავის მიმართვაში, რომელსაც ekhokavkaza.com ავრცელებს.
მის განცხადებას აფხაზ მოსახლეობაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, ყველაფერი ნათელია - რეგიონის გაზით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ბჟანია მათ შვილებს ომში უშვებს...
"სინდისის, სიმამაცისა და ღირსების დეფიციტის შემდეგ, იწყება საპნის, ტუალეტის ქაღალდისა და შაქრის დეფიციტი. ჩვენთან უკვე ყველაფრის დეფიციტია. სხვა სახელს ვერ ვარქმევ იმ რეალობას, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი გამოუცდელ ბიჭებს სხვის ომში უშვებს" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
"ამას მიანიშნებდა ალექსანდრე ანქვაბის დაჩქარებული განცხადება - რუსეთ-აფხაზეთის კანონების ჰარმონიზაციის შესახებ... ანუ გვეტყვიან, აბა რა გეგონათ, კანონი გვავალდებულებს ამასო და ჩვენც უნდა გავჩუმდეთ? ამდენი წელია ომში ვართ, სულ რამდენიმე ათასი დავრჩით, არ შევეგუოთ, თორემ ხუთ წელიწადში ჩვენი სახსენებელი არ იქნება. გთხოვთ მოვამზადოთ პეტიცია, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, სანამ გვიანი არ არის - არ გვყავს სხვის ომში ჩასახოცი შვილები. გამოფხიზლდით" - წერს ადგილობრივი სვეტლანა გაგუა.
"თავიანთი შვილები და ახლობლები გაუშვან... ვისაც უნდოდა, სისხლის მოყვარული ახრა ავიძბა და გაგრელი სომხები, თავიანთი ინიციატივით წავიდნენ. არ გვინდა რუსული გაზი, ჩვენი შვილების სიცოცხლის სანაცვლოდ, გამოვიდეთ ყველანი ქუჩაში და ვუთხრათ ეს პრეზიდენტს. ვატყობ, ბჟანია-ანქვაბის გუნდსაც გადატრიალების გზით მოუწევს წასვლა" - მიაჩნია ემზარ ახსალბას.
"ვიცი, რომ არ უჩერდებიან ჯარისკაცები, გარბიან, პოსტებს ტოვებენ, ტყვედ ბარდებიან უკრაინელებს, რადგან მოუმზადებელი და უჭმელ-უსმელი არიან. მხოლოდ რუსულ მედიას ნუ კითხულობთ, გადახედეთ დასავლურ გამოცემებსაც, რას წერენ რუსეთის "უძლეველ" არმიაზე. ამიტომ დასჭირდათ სირიიდან და აფრიკიდან მებრძოლების ჩამოყვანა. ჩვენი ბიჭები, რომელთაც ჯარში სირბილსაც კი არ ასწავლიდნენ, რამდენიმე წუთში ცოცხლები აღარ იქნებიან. ჩვენი მომავალი თაობის ბედი ლავროვსა და ბჟანიას არ გადავაწყვეტინოთ, თორემ მერე გვიან იქნება. დავგეგმოთ მასობრივი საპროტესტო აქცია..." - წერს მურმან ტარბა.