რუსეთის საგარეო უწყებაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლითაც დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებისას ჭამისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კულებას აღნიშნულ განცხადებას დასცინა და აღნიშნა, რომ ახლა გასაგებია, რატომაც მოახდინა უკრაინულმა მხარემ მათი დელეგაციის წევრის ლიკვიდირება.
"აჰა, ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი - ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებზე“,- განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
კულებას აღნიშნული განცხადება რომან აბრამოვიჩის და უკრაინის დელეგაციის 2 წევრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.