რუსეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების გასვლის კვალდაკვალ, ქვეყანაში კრიზისი მატულობს. ადგილობრივების თქმით, პრობლემები მრავალფეროვანია - როგორც სურსათზე, ასევე, მედიკამენტებზე 5-6 ჯერ გაძვირებული ფასები, ასობით ათასი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, ასევე სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული მშენებლობები - არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების კვალდაკვალ რუსეთში ხდება.
AMBEBI.GE-სთან საუბარში სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ნიკა სამადაძე ამბობს, რომ მცირე მეწარმეები, ყველანაირი დაზღვევისა და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცდილობენ, რუსეთი დატოვონ და ბიზნესი სხვა ქვეყანაში გადაიტანონ.
- ყველა ნაბიჯზე აკრძალვას აწესებენ. ახლა ამბობენ, დასავლური პროდუქციის პირდაპირი თუ ირიბი რეკლამაც დასჯადი იქნებაო. გვითხრეს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს შიდა წარმოებაზე, მაგრამ არც ის ვიცით, რა არის ეს შიდა წარმოება, რა სფეროში გვაქვს. კითხვის დასმაც ინტრიგად ითვლება. თუმცა, ადგილობრივი მედია მუდმივად ავრცელებს ცნობებს, რომ შიდა წარმოების განვითარებისთვის 39 მილიარდი რუბლი გამოიყო...
წლებია, მე და ჩემს მეგობრებს ავტომანქანების პროფილაქტიკა გვაქვს. ჯერ მიწა შევისყიდეთ, შემდეგ შენობა ავაშენეთ და მუშაობას შევუდექით, თან უცხოეთიდან ავტონაწილებს, სხვადასხვა ნივთებს ვიწერდით და ვყიდდით. ავტოშეკეთების სერვისიც გვქონდა. ხალხი გვყავდა დასაქმებული, ვინც ძრავებზე, კომპიუტერულ შემოწმებასა და სხვა მიმართულებებზე მუშაობდა.
ავტოშეკეთების გარდა, ყველა სხვა სფერო გაჩერდა. წვრილმანი მოხმარების ნაწილები ორი-სამი თვის სამყოფი წინასწარ გვქონდა, მაგრამ იძულებული გავხდით, გაგვეძვირებინა, რადგან ვეღარ ჩამოგვაქვს. ის კომპანიები, ვისთანაც საჭირო რამეებს ადგილზე ვყიდულობდით, ან გავიდნენ, ან დაიხურა. სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ ამ სფეროში (ავტომომსახურება) პეტერბურგში, ბოლო სამ კვირაში 97 ათასამდე ადამიანი, რომელიც რუსეთში რეგისტრირებულ უცხოურ კომპანიებში მუშაობდნენ, ყველანაირი კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
იმ ქალაქის მოსახლეობა, სადაც მე ვცხოვრობ, სრულიად განსხვავდება დანარჩენი რუსეთისგან, მაგრამ ბიზნესის შეზღუდვის ნიშნები აქაც იგრძნობა. ზოგიერთი ადგილებში, სახელმწიფო დაწესებულების შენობებზე, გაჩერებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაჩნდა ცნობილი Z ნიშანი, რაც მოსახლეობის ნაწილის აგრესიას იწვევს. ბევრჯერ გადაშალეს ან ჩამოგლიჯეს. შემდეგ, საქმეში ჩაერია ФСБ და ამის ჩამდენები იპოვეს, გაასამართლეს და ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.
- პროდუქტები გაძვირდა?
- დიახ, ყველაფერი გაძვირდა, ბურღულეული, ზეთი, შაქარი, მარილი, ხორცისა და რძის ნაწარმი, კვერცხიც კი... კატასტროფულად გაიზარდა ფასები ჰიგიენის მოხმარების ნივთებზეც, რადგან ტრანსპორტირება გაძვირდა. შეზღუდულია ფრენები. ჩვენმა მომმარაგებლებმა, სადისტრიბუციო კომპანიამ ბოლო ეტაპი ფინეთიდან მატარებლით შემოიტანა. თუმცა, გასულ კვირას გაირკვა, რომ ჰელსინკი-პეტერბურგი გაუქმდა.
მოსახლეობა ელოდება, რომ ფასები კიდევ უფრო მოიმატებს და მარაგს იკეთებს. სხვა ნაწილი მათ აკრიტიკებს, რადგან შეუძლებელია რამდენიმე ათეული წლის სამყოფი მარაგის გაკეთება... შეიძლება ითქვას, პანიკურად იტაცებენ იმპორტულ პროდუქტს, ასევე ძვირადღირებულ ჩაის, ყავას, ზღვის პროდუქტებს. საბავშვო ჰიგიენის ნივთებს. თითქმის 8-ჯერ გაძვირდა საბავშვო საკვები, პამპერსი და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები. ფასებმა მოიმატა ადგილობრივი მოხმარების პროდუქტებზეც, მაგალითად, პური და ბურღულეული. ქალაქის ცენტრში მაგნიტის რამდენიმე მაღაზიაში ვერ ვიპოვე შაქარი, კომბოსტო, ბანანი. მითხრეს, რომ დეფიციტია, სხვა სახელობის სურსათზეც.
ახლობელმა შემომჩივლა, რომ მხოლოდ 10 კგ შაქრის შეძენა მოასწრო, 1კგ 90 რუბლად. არ იშოვება პურის ფქვილიც. კარაქი, რომელიც ერთი შეფუთვა 85 რუბლი ღირდა, ახლა 160 რუბლამდეა... ეს ხდება პეტერბურგში, სხვა ქალაქებში ბევრად უარესი მდგომარეობაა. როდესაც მათ ვესაუბრები, მწარედ ხუმრობენ, დაუჯერებელია, მაგრამ ზოგიერთ ქსელურ მარკეტში ასანთიც კი გაქრა. მეწარმეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მზესუმზირაა და მთავარი ახლა იწყება. ზოგის თქმით, საბჭოთა კავშირის დეჟავიუ აქვთ, რადგან ძალიან სწრაფად ცარიელდება მაღაზიები. გაძვირდა სამედიცინო მომსახურება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველ დღე ახალ რეალობაში იღვიძებენ, რადგან ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია.