"შემთხვევით უნდა ვისარგებლო და დედაჩემს დაბადების დღე მივულოცო დაგვიანებით, ვიცი ცუდადაა და ბევრს ვანერვიულებ, მაგრამ არ შემეძლო არ წამოვსულიყავი...“ - ამ სიტყვებით დაიწყო უკრაინაში მყოფმა, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა ინტერვიუ "ტვ პირველთან...“ დეპუტატი 12 მარტიდან კიევში იმყოფება და როგორც ამბობს, მისმა ჯგუფმა ორ დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ირპინის გათავისუფლების ისტორიულ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
ალეკო ელისაშვილი:
"შინაგანად ძალიან მაწუხებდა ის, რაც აქ ხდებოდა, ვერ გავძელი და მინდა ვთქვა, რომ გამოვიპარე. ვიცი, რომ ბევრს ერჩის გული, ბევრი მწერს და ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ ასე არ არის, შემოხვალ უკრაინაში, ავტომატს დაგახვედრებენ და ბრძოლაში გახვალ. 12 მარტს მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ჯუღელი ჩამოვედით და ის ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავით იარაღის ასაღებად, დაიბომბა. ამის შემდეგ თითქმის ერთი კვირა ისე ვიყავით, რომ ფორმა არ გვქონდა. იარაღიც რამდენჯერმე გამოგვიცვალეს.
ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ჩვენ ისტორიას რომ წაიკითხავ, მეფეების ისტორიაა, უბრალო ხალხი არ ჩანსო. აქაც რომ იკითხო, ელისაშვილი, ოქრუაშვილი და ქაცარავა იბრძვიან, მართალია ოქრუაშვილი მაგრად ომობს, ქაცარავაც, ომობს კი არა ბიჭები დაეღუპათ ქაცარავას ჯგუფს, მაგრამ აქ ქართველები არიან, ლომებივით ბიჭები, რომლებსაც ეზეიმებათ ომში წასვლა. აქ მაგარი სახელი აქვს ქართულ ბატალიონს. ქართველ მეომრებს მაგარი სახელი აქვთ, მამულაშვილი იქნება თუ ვანო ნადირაძე, რომელიც მოსიარულე ლეგენდაა.
ჩვენ როგორც შეგვიძლია ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას. მართლა შერცხვა საქართველო, რომელიც დღეს უკრაინელების თვალში არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს. ჩვენ ვიცით, გამოგვივლია ომი და შეიძლება თქვა, რომ სიფრთხილეს იჩენს მთავრობა, მაგრამ აქ რომ ნახოთ, რა ხდება, ციხე-სიმაგრედ არის ქცეული კიევი. ვინც დარჩა სრულად არიან ჩართულები ლოჯისტიკაში, ბრძოლაში, მომარაგებაში... აბსოლუტურად, დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში.
ქართველი ბიჭი გავიცანით, მორაგბე, დიმა ბასილაია, სახაჭაპურე აქვს გახსნილი. ეს ლომივით ბიჭი დგას და მთელი დღე ხაჭაპურებს აცხობს, ოჯახის წევრებთან და თანაგუნდელებთან ერთად და სამას - ოთხას კაცს ამარაგებენ დღეში..."
რაც შეეხება საბრძოლო ოპერაციას, რომელშიც ელისაშვილმა მიიღო მონაწილეობა, აი, ის რას მოჰყვა:
"ერთ-ერთ ღამეს დავინახეთ რუსების ჯავშანტექნიკის გადაადგილება ირპინის სიახლოვეს და გადავეცით კოორდინატები ჩვენ უფროსობას. ოთხი ბე-ემ-პე ეგრევე დაადუღეს. სამწუხაროდ, ვერ მივედით ადგილზე, რომ გადამეღო, არ გვქონდა უფლება. მეორე დღეს მოგვივიდა ბრძანება, რომ შეტევაში ჩვენი ჯგუფიც ჩართეს. ისეთი ყიჟინით გავვარდით ბრძოლის ველზე. ერთი გასროლა გვესროლეს და მერე ეგრევე გაიქცნენ. ლამის ორი კილომეტრი შევედით და მთლიანად გავწმინდეთ ირპინი. მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ ამ ოპერაციაში ვმონაწილეობდი.
ჩვენს პარალელურ ქუჩაზე ვანო ნადირაძის ჯგუფი იბრძოდა, იქ ააფეთქეს დესანტის მანქანა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა იპოვეს...
რუსების წესია, რომ გაქცევის შემდეგ დაბომბვას იწყებენ, აქაც ასე ქნეს, მიწასთან გადაასწორეს ირპენი. ოთხი დღე ვიყავით პოზიციაზე, ორი დავალება გვქონდა, თვალთვალი და შეტევა, ორივე წარმატებით შევასრულეთ, ნაკაწრი არ გვქონია.
ახლა რამდენიმე დღეა ვისვენებთ და ერთი სული გვაქვს დავალება მივიღოთ. ოქრუაშვილისა და ქაცარავას ჯგუფები უკვე ბევრჯერ იყვნენ ოპერაციაზე...
ზელენსკის განცხადება საქართველოდან ელჩის გაწვევაზე ისე აღიქვა ბევრმა, რომ ჩვენს წინააღმდეგ იყო, მაგრამ რეალურად ელჩს უსაყვედურა. თუ კარგად ვერ ასრულებ შენ საქმეს, როგორც დიპლომატი, წადი და სხვა სამსახური ეძებეო. შეიძლება ხელისუფლება იმსახურებს, მაგრამ ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლებამ ქართველების დამოკიდებულება როგორია. საქართველოდან ყველაზე მეტი მოხალისეა უკრაინაში, რომლებიც ლომებივით იბრძვიან. ზელენსკისაც და უკრაინელებსაც უნდა გავუგოთ, ომში არიან. ყველაზე მეტად მხარდაჭერას ვისგანაც ელოდნენ, იმისგან ვერ იგრძნეს. მეორე მხრივ, შეიძლება სიფრთხილით ახსნა საქართველოს პოზიცია, მაგრამ უფრო ღირსეულად უნდა წარმოვჩენილიყავით.
საქართველოს თავისი არსებობის განმავლობაში... მეგობრისთვის ასე ზურგი არ შეუქცევია. ჩემი წამოსვლის მიზანიც ეს იყო და აქ კამათისასაც ხშირად ვამბობ, რომ მოქმედი დეპუტატი ვარ და არ სჯერათ. ხალხს ვეუბნები თავდაცვის ყოფილი მინისტრი იბრძვის-მეთქი. სისხლი ჯერ არ დამიღვრია, მაგრამ მინდა, ჩემი წილი ნამუსი მოვწმინდო ჩემს ქვეყანას. ერთი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი არ მიუღიათ საქართველოდან, განცხადება, რომ განცხადებაა, ისიც ვერ მოისმინეს.
არ ვიცი როგორი იქნება შემდეგ ჩვენი ურთიერთობა. ზელენსკი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ გავლენიან ლიდერად და უკრაინა იმ ქვეყნად, რომელმაც ამ ვითომ და ძლევამოსილ რუსულ არმიას ცხვირ-პირი დაალეწა და ამ ხალხს ჩვენს მეგობრობაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს".