საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად "ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ "რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას“.
"ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია გონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში.
ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად "ცივი ომის“ მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა.
რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს.
ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.