ავტორი:

"არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის რუბლით მიწოდების გადაწყვეტილება მომავალში შესაძლოა გაუქმდეს" - პესკოვი

"არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის რუბლით მიწოდების გადაწყვეტილება მომავალში შესაძლოა გაუქმდეს" - პესკოვი

"არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლით მიწოდების გადაწყვეტილება მომავალში შესაძლოა გაუქმდეს, მაგრამ ამ დროისთვის ეს ყველაზე სანდო ვარიანტია მოსკოვისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

კითხვაზე შეიძლება თუ არა გაუქმდეს გადაწყვეტილება გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ, პესკოვმა აღნიშნა:

"რა თქმა უნდა, ეს მოხდება თუ სხვა პირობები იარსებებს. ამ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია, მაგრამ დღევანდელ პირობებში ჩვენთვის ყველაზე სასურველი და საიმედო ვარიანტია რუბლი", - განაცხადა პესკოვმა.

ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან გაზის ნაწილი ფაქტობრივად უფასოდ მიიღეს, რადგან „ევროში გადაიხადეს, რომელიც შემდეგ თვითონვე გაყინეს“.

პესკოვის ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობარმა ქვეყნებმა" რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ.