აჭარას შეუძლია დაიწყოს დანარჩენი საქართველოდან გასვლის პროცესი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
ის გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, საქართველოს მონაწილეობის შესახებ ყველა ანტირუსულ სანქციაში და განაცხადა, რომ ეს გაკეთდა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის განცხადების საპასუხოდ, რომელსაც სურს რუსეთს შეუერთდეს.
კლიმოვის თქმით, თურქეთი არ დაკარგავს შესაძლებლობას და გააძლიერებს აჭარელი სეპარატისტების მხარდაჭერას, აჭარას კი შეუძლია ისარგებლოს სიტუაციით და გავიდეს საქართველოს შემადგენლობიდან.
"არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მოვლენების ფონზე აჭარამ გაიზიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითი და დაიწყოს საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის პროცესი. ისტორიული, რელიგიური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შესაძლებლობას არ გაუშვებს ხელიდან, აჭარელი სეპარატისტების მხარდაჭერით, გააძლიეროს თავისი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთზე“ , - წერს კლიმოვი.
ის მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სანქციები ნეგატიურად აისახება ქვეყნის მცხოვრებლებზე. კერძოდ, ვაჭრობასა და ტურიზმზე.
კლიმოვის თქმით, საქართველოში არ არის საუკეთესო პერიოდი, ხოლო სანქციების შემოღებით ქვეყანაში არსებული ვითარება გახდება კრიტიკული.
"რუსეთში ქართული საქონლის ადგილს სხვები დაიკავებენ. რუსი ტურისტების ნაკადი აშკარად ჩამოიქცევა და ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება“, - აცხადებს კლიმოვი.
ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობა უგუნურ ქმედებებზე საკუთარი მოსახლეობისადმი ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ეკისრება.
"ამგვარად, ვაშინგტონის მიერ წარმოებულ ტოტალურ ომს მოსკოვთან, რომელსაც სხვისი ხელით აწარმოებს, სულ უფრო ახალი მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს მათთვის, ვინც ერთვება ამ დამღუპველ წინააღმდეგობაში ჩვენთვის არამეგობრული ქვეყნების მხარეს“, - წერს კლიმოვი.