თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცოტა ხნის წინ 8 წლის ბიჭუნას დედამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი და ვიდეოკადრები გაავრცელა:
"სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ" - წერს ბიჭუნას დედა.
ცნობისთვის, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ დავით ჯალაღონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, ჯალაღონიას დაშავებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, შესაბამისად, გირაოს შეფარდების შემთხვევაში შეიძლება მიმალულიყო.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ანალოგიური დარღვევებისა და საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის არაერთხელ იყო დაჯარიმებული. მისივე თქმით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება დაუდასტურდა, თუმცა შემთხვევის დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა. ავტომობილის მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).