ავტორი:

"უკრაინას საკუთარი ნატო-ს შექმნა სურს" - დავით არახამია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრასა და უკრაინის გეგმებზე

"უკრაინას საკუთარი ნატო-ს შექმნა სურს" - დავით არახამია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრასა და უკრაინის გეგმებზე

"სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთმა ზეპირი თანხმობა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია", - ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის, "სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

უკრაინული მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დოკუმენტების მონახაზი უკვე საკმარისად მომზადებულია, რათა აღნიშნულ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის უშუალო ჩართულობით კონსულტაცია გაიმართოს. არახამიამ აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მათი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება.

  • მისივე თქმით, ახლა ჯგუფების ამოცანაა არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპის შემუშავება, რომლებსაც დიპლომატები უკვე შეეხნენ. ასევე, მოსამზადებელია პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს - ნატო-ს სამი ქვეყანა უკვე შეთანხმდა გარანტიების გაცემაზე ზუსტად იმ ფორმატით, რაც უკრაინის მიერ არის შეთავაზებული. ესენია: თურქეთი, გერმანია და იტალია.

არახამიას თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნებმა გასცენ გარანტიები. რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ჩინეთთან მოლაპარაკებებს დიპლომატიური არხებით აწარმოებს. როგორც მან დასძინა, ჩინეთი ნაკლებად არის მზად, მაგრამ ოფიციალური კიევი მაინც ელის, რომ ეს ქვეყანა მაინც შევა გარანტორი ქვეყნების სიაში.

“ჩვენ გვინდა შევქმნათ ჩვენი, უკრაინული ნატო და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ყველაზე დიდი და ეფექტური ქვეყნები აგრესიის შემთხვევაში დაგვეხმარონ. თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის ნატოს უდიდესი არმია ევროპაში. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთიც მნიშვნელოვანია. ახლა ძალიან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნატოს 3 წევრი ქვეყანა მზად არის გარანტიები გასცეს ზუსტად იმ ფორმატში, როგორც ვთქვი. ეს არის რეალურად ნატოს მე-5 მუხლი“, - აცხადებს არახამია.