ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინფორმაციით, ნიადაგის ჩავარდნის გამო, სოფელში 20-მდე სახლია დაზიანებული. როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, შენობების დაზიანება განპირობებულია იმით, რომ რაიონში კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს. ისინი, არ გამორიცხავენ, რომ დასახლებიდან სხვა ოჯახების ევაკუაციაც გახდეს საჭირო.
"ე.წ. მეგრელიშვილების უბნიდან 5 ოჯახი კიდევ გადასაყვანია სხვა ადგილზე. მთელ სოფელს გვემუქრება აქედან გასახლება. 42 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. ღამეს მეზობლებთან ვათენებ. ჩემ დღეში ჩავარდეს ის, ვინც ამ დღეში ჩამაგდო! 1 კვირაა, რაც სახლი მთლიანად დაინგრა. ნაგვით არის სავსე აქაურობა. ჩამონგრევის მომენტში შვილთან ვიყავი, ადგილზე მეორე დღეს მოვედით. მოგონების მეტი არაფერი დაგვრჩენია. არსად წასვლა არ მინდა, ჩემ ხალხთან ერთად მინდა აქ ყოფნა",- აღნიშნავს ადგილობრივი მანანა მეგრელიშვილი.
როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ, სახლების გარდა სოფელში დაზიანებულია გზა, პირუტყვის სადგომები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც.
როგორც ცნობილია, ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ინფორმაციით, მიწის ჩავარდნის გამო, სოფელში 20-მდე სახლია დაზიანებული. როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, შენობების დაზიანება განპირობებულია იმით, რომ რაიონში კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.