ავტორი:

"გვჭირდება მკაფიო განცხადება საქართველოსგან ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან, თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან" - ევროპარლამენტარი

"გვჭირდება მკაფიო განცხადება საქართველოსგან ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან, თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან" - ევროპარლამენტარი

"ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან იმის შესახებ თუ ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და ამით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"მე ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლის შესახებ ბრალდება მცდარია“,- დასძინა მან.

ცნობისათვის, უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

"საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“,- განაცხადეს უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ, მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

უკრაინის დაზვერვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ახლა განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.