ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია. ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-სა და "დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის მხარდაჭერ გზებს განიხილავენ.
უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება საუკეთესო გზა იყო "პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის დასამარცხებლად უკრაინაში“.
"უკრაინის არმიამ და მთელმა უკრაინელმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიცით როგორ მოვიგოთ. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ის უკრაინაში, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, მით მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება და აღარ იქნება მეტი ბუჩა“, - დასძინა კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატოს და "დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა უყოყმანოდ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, მისივე თქმით, "რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული.
სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო "განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, მაგრამ ასევე მძიმე იარაღის და უკრაინის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას“.