ვიღაც არაჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა უკრაინაში ომს. ბევრი რამ გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა, ზუსტი წინასწარმეტყველება, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას განრიდება რომ სდომებოდა, ამერიკაშიც შეეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში.
"როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც არაჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა უკრაინაში ომს. ბევრი რამ გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა, ზუსტი წინასწარმეტყველება, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომებოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში, სადაც ვიმყოფები. ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის.
რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, რაც იყო გადამწყვეტი ბრძოლა და ახლა არის ხარკოვისთვის ბრძოლა წინ, რომელსაც უკრაინა ასევე მოიგებს. ასევე, დონბასისთვის ბრძოლა, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.