ავტორი:

რუსეთი კვლავ საყვედურობს თურქეთს უკრაინისთვის "ბაირაქტარ TB 2“ დრონების მიყიდვის გამო - "რუსები განაწყენებულები არიან და წუწუნებენ დრონებზე"

რუსეთი კვლავ საყვედურობს თურქეთს უკრაინისთვის "ბაირაქტარ TB 2“ დრონების მიყიდვის გამო - "რუსები განაწყენებულები არიან და წუწუნებენ დრონებზე"

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკმაყოფილება გამოთქვა და უსაყვედრა თურქეთს უკრაინისთვის "ბაირაქტარ TB 2“ დრონების მიყიდვის გამო, - სააგენტო ამ ცნობას თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსები განაწყენებულები არიან და წუწუნებენ დრონებზე. ისინი ადრეც გამოთქვამდნენ აის თაობაზე უკმაყოფილებას და ახლაც იგივეს იმეორებენ“, - განუცხადა თურქმა სახელმწიფო მოხელემ უცხოურ მედიას.

"ჩვენ მათ უკვე ვუპასუხეთ, რომ ეს არ მომხდარა ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების საფუძველზე და იყო კერძო კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც ომის დაწყებამდეც ყიდდნენ დრონებს", - განაცხადა მან.

მოგეხსნებათ, თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან ენერგიის, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროში და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუს ტურისტებზე. ამის მიუხედავად, თურქულმა კომპანია "ბაიკარმა“ კიევს მაინც მიჰყიდა უპილოტო აპარატები და ხელიც მოაწერა შეთანხმებას, რამაც მოსკოვი გააბრაზა.

თურქეთმა, NATO-ს წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც უკრაინასთან და რუსეთთანაც საზღვაო საზღვარი და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შუამავლის როლი იკისრა. თურქეთმა უკვე უმასპინძლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ანკარასა და სტამბოლში და ახლა ოფიციალური ანკარა ცდილობს, ორგანიზება გაუწიოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

თურქეთმა ამ ომში ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის სამხედრო აგრესია გააკრიტიკა, თუმცა, ამავე დროს, უარი თქვა შეერთებოდა მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლურ სანქციებს.