"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით მიწვევას ეხმაურება.
როგორც ბოკერია განმარტავს, ამ თემისგან დისტანცირების სურვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოლღალატე ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ.
„ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვაა. სამწუხაროდ, ჩვენც გვაგდებს ირიბად, ისინი წარმოგვადგენენ ჩვენ. ეს მხოლოდ უკრაინის ამბავი არაა, ჩვენი თავისუფლების ამბავიცაა და ეს სამარცხვინო პოზიცია ყველაფერში გამოავლინეს, ყველა საჯაროდ დაფიქსირებულ სიტყვაში, ეს ბოლო სირცხვილი, ამ ამაზრზენი ტრაგედიის, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო და სადაც პრინციპული საკითხია, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ ამბავს, რათა დაინგრეს ბოროტების იმპერია და დაისაჯოს ისინი, ვინც ეს ბოროტმოქმედება ჩაიდინა, ამისგან დისტანცირების სურვილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ღრმად ამორალურ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ადამიანებს",- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა წერილი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.