ავტორი:

ახალგაზრდა, რომელსაც მათემატიკა უყვარს

ახალგაზრდა, რომელსაც მათემატიკა უყვარს

ზაურ ბოკელავაძეს საკუთარ საქმესა და მათემატიკაზე შეყვარებული ახალგაზრდაა. იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსზე სწავლობს. ახალგაზრდა მათემატიკოსი ქუთაისიდანაა და მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა დაამთავრა, მანამდე კი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლასა და შპს #1 სკოლაში სწავლობდა.

ზაური პატარა ასაკიდანვე მონაწილეობდა მათემატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაში. არაერთი გამარჯვების მოპოვების შემდეგ დაინტერესდა საოლიმპიადო მათემატიკით. მე-5 კლასში მათემატიკის საოლიმპიადო წრეზე სიარული დაიწყო და გააანალიზა, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო. მე-5-მე-8 კლასში საოლიმპიადო წრეზე მიღებული ცოდნა გადამწყვეტი აღმოჩნდა მის შემდგომ წარმატებაში.

„ჩემი მასწავლებლის - გოჩა გოქაძის რჩევით მე-9 კლასიდან სწავლა განვაგრძე კომაროვის სკოლაში, სადაც აკადემიური მიღწევების გამო, უგამოცდოდ მიმიღეს. ყოველი გამარჯვების შემდეგ მოტივაცია მეზრდებოდა. ამ ყველაფერმა მათემატიკისადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივა. საოლიმპიადო მათემატიკაში სასურველი შედეგის საჩვენებლად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, ამიტომაც სკოლაში ბოლო რამდენიმე წელი მთლიანად ოლიმპიადებს დავუთმე. მათემატიკური წრეების მონაწილე ჩემი მეგობრებიდან უმეტესობა დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია. პროფესიის არჩევის მთავარი მიზეზი მათემატიკისადმი ინტერესია. პატარაობიდანვე გატაცებული ვიყავი მათემატიკით, რადგან მამა მათემატიკოსია. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი ჩემ წარმატებაში“, - აღნიშნავს სტუდენტი.

მათემატიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ოლიმპიადაში (IMO), რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს (თითოეული ქვეყნის ნაკრები შედგება 6 მოსწავლისგან), ზაურს 2020 და 2021 წლებში მიღებული აქვს ბრინჯაოს მედლები. 2020 და 2021 წლებში ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZHO) იასპარეზა, სადაც ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამ პერიოდში იგი ასევე მონაწილეობდა რუმინეთის მათემატიკის მასტერსში, სადაც საპატიო სიგელი მიიღო.

2018 წელს ირანის გეომეტრიის მე-5 ოლიმპიადაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამავე წელს ევროპის მათემატიკურ თასზე (EMC) იუნიორთა კატეგორიაში დაიმსახურა მეორე პრიზი. 2016-21 წლებში საქართველოს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოხვდა შესაბამისი კატეგორიის 10 საუკეთესო მონაწილეს შორის. 2018 წელს მიწვეული იყო აშშ-ში მათემატიკის ოლიმპიადის ზაფხულის პროგრამაზე. მასში მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული 50 მონაწილე და სხვა 10 ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი.

2021 წელს გაიმარჯვა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსში „M ვექტორი“. დღეს ახალგაზრდა მათემატიკოსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიითა და სტუდენტური საცხოვრებლის 100 %-იანი დაფინანსებით სარგებლობს. უნივერსიტეტშიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში და მისი სამომავლო გეგმები ისევ სწავლასა და მათემატიკას უკავშირდება. მიაჩნია, რომ მისი წარმატებიბის ჩამონათვალი ჯერ არც ისე დიდია და წინ ბევრი გამოწვევა და ახალი სამეცნიერო აღმოჩენები ელის, რითიც ბევრ ახალგაზრდას შეუცვლის წარმოდგენას მათემატიკაზე და რაც მთავარია საკუთარ სიტყვას იტყვის მეცნიერებაში.

R